Sunday, June 9, 2013

ფეტელმა ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

Vettel wins in Canada to end American jinx
9 ივნისი
როგორც იქნა, სებასტიან ფეტელმა ჩრდილოეთ ამერიკის მიწაზეც გაიმარჯვა. ორი წლის წინ, კანადური რბოლის გამარჯვება მას პრაქტიკულად ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ ბოლო წრეზე შეცდა და ჯენსონ ბატონს საჩუქარი მიართვა. მაშინ ჯერ კიდევ ერთგზის ჩემპიონს უთქვამს, მონრეალში აუცილებლად მოვიგებო. და ეს პირობა დღეს შეასრულა! თან ისე, როგორც უკვე სამგზის ჩემპიონს შეეფერება.
26 წლის ფეტელმა თავის კარიერაში 29-ე, მიმდინარე სეზონში კი მესამე გამარჯვება, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოიპოვა. ფინიშთან მან 14.4 წამით მიასწრო ფერნანდო ალონსოს. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი ლუის ჰამილტონი ავიდა. საინტერესოა, რომ კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე სამგზის ჩემპიონი დადგა, მეორეზე ორგზის ჩემპიონი და მესამეზე - ერთგზის ჩემპიონი. ამათგან მონრეალში ყველაზე მეტი - სამი მოგება ჰამილტონის ანგარიშზეა.
„შესანიშნავი რბოლა იყო და ის შესანიშნავი სტარტით დავიწყე, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც იქნა, ამერიკაში პირველი გამარჯვებაც მოვიპოვე. ძალიან გახარებული ვარ“, - განაცხადა გერმანელმა მრბოლმა, ვინც კლასიფიკაციაში ლიდერობა 36 ქულამდე გაზარდა. ოღონდ, ახლა მისი უახლოესი მდევარი კიმი რაიკონენი კი არა, ალონსოა. ესპანელი თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა და დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, ამ მეორე ადგილს გამარჯვების გემო აქვს, რადგან ასეთი რთული უქმეების ასეთი შედეგით დასრულების იმედიც არ მქონდაო.
ფინელმა პილოტმა რბოლა მეცხრე ადგილზე დაასრულა და კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ნარბოლევს კიმიმ განაცხადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რბოლა იყო ჩემს კარიერაშიო. თუმცა, ერთი მიღწევა მაინც დააფიქსირა - ზედიზედ 24-ე რბოლა დაასრულა ქულებით და ამით, მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეორა.
აღსანიშნავია, რომ რბოლისას ფეტელმა ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელთა გამოც თავისუფლად შეიძლებოდა, რბოლა ვერც დაესრულებინა. ჯერ მარჯვენა უკანა ბორბლით კედელს წაჰკრა, თუმცა მანქანა არ დაზიანებულა. მერე კი, ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას შეცდა. მაგრამ იღბალმა ამჯერადაც აპატია. ამაზე „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ეს მომენტები სებს გამოსაფხიზლებლად გამოადგა, რადგან როდესაც ასეთი უპირატესობით ლიდერობ, ყოველთვი ადვილია შეცდომის დაშვებაო.
ფეტელმა სტარტიდანვე შეძლო დაწინაურება და 70 წრის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დათმო და ისიც მას შემდეგ, რაც თავისი ორიდან პირველი პიტსტოპი შეასრულა. ამ მომენტში წინ ჰამილტონმა გადაინაცვლა, რომელმაც მოწინავე პოზიცია სამი წრით შეინარჩუნა. საბოლოოდ, ფეტელმა ოთხის გარდა, ყველა დანარჩენი მინიმუმ ერთი წრით ჩამოიტოვა. მათ შორის, რაიკონენიც.

ვერ ივარგა კვალიფიკაციის ფინელმა გმირმა ვალტერი ბოტასმა, ვისაც პირველივე მოსახვევში შეასწრეს ნიკო როსბერგმა და მარკ ვებერმა. მერე კი ფ1-ის ახალბედას ნახევარმა პელოტონმა გაასწრო და საბოლოოდ ის მე-14 ადგილს დასჯერდა და საბოლოოდ, „უილიამსი“ ისევ უქულოდ დარჩა. ვერ ივარგა „მაკლარენმა“, რომელსაც კანადური დიდი პრიზის ბოლო ხუთი რბოლიდან ოთხი აქვთ მოგებული. უფრო მეტიც, ამ გუნდის პილოტებმა, ბოლო 65 რბოლაში პირველად ვერ შეძლეს ქულის აღება.

კანადის დიდი პრიზი
მონრეალი, დისტანცია 305.270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:32:09.143
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   +00:14.408
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)          00:15.942
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       00:25.731
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     01:09.725
6. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)               1 წრე
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1 წრე
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1 წრე
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1 წრე
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1 წრე
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1 წრე
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1 წრე
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1 წრე
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1 წრე
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     2 წრე
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     2 წრე
17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      2 წრე
18. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      3 წრე
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     3 წრე
20. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 7 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                  24 წრე
გ. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)     26 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ ვებერი - 1:16.182, 69-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 132 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 96; 3. კიმი რაიკონენი - 88; 4. ლუის ჰამილტონი - 77; 5. მარკ ვებერი - 69; 6. ნიკო როსბერგი - 57; 7. ფელიპე მასა - 49; 8. პოლ დი რესტა - 34; 9. რომენ გროჟანი - 26; 10. ჯენსონ ბატონი - 25; 11. ადრიან სუტილი - 17; 12. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 13. სერხიო პერესი - 12; 14. დანიელ რიკიარდო - 7; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 5

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 201 ქულა; 2. ფერარი - 145; 3. მერსედესი - 134; 4. ლოტუს-რენო - 114; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 51; 6. მაკლარენ-მერსედესი - 37; 7. ტორო როსო-ფერარი - 20; 8. ზაუბერ-ფერარი - 5

No comments:

Post a Comment