Wednesday, June 12, 2013

„ფორდმა“ ევროპაში ელექტრული „ფოკუსის“ წარმოება დაიწყო

Ford Starts Focus Electric Production in Europe
12 ივნისი
„ფორდმა“ ევროპაში, კერძოდ კი გერმანიის ზაარლუისში, სრულიად ელექტრული „ფოკუსის“ წარმოება დაიწყო. აქ გამოშვებულ ავტომობილებს კი მხოლოდ ევროპის ბაზარზე გაიტანს. ავტომობილი შექმნილია კომპანიის ახალ დევიზ „ერთი ფორდის“ პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, ის კონსტრუქციულად არ განსხვავდება იმ ელექტრული „ფოკუსისგან“, რომელიც სხვა ბაზრებისთვისაა განკუთვნილი.
ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც 143 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას ელექტრო ენერგიით ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 6.6 კილოვატსაათია. ნაწილობრივ დამუხტვის შემთხვევაში, რომელიც 2-3 საათი გრძელდება, ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 100 კილომეტრის გავლა შეძლოს. სრული დამუხტვისთვის კი 3-4 საათია საჭირო და ამ შემთხვევაში, სვლის სიშორე 150 კილომეტრს აღწევს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 136 კმ/სთ-ია. სიჩქარე ხელოვნურადაა შეზღუდული მოწყობილობით, რომელიც ტრანსმისიაშია მოთავსებული.
ელექტრული „ფოკუსის“ წარმოების დასაწყებად, „ფორდმა“ ზაარლუისის ქარხნის მოდერნიზაციას 16 მილიონი ევროს ინვესტიცია მოახმარა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ წლიურად რამდენი ელექტრული „ფოკუსის“ წარმოება იგეგმება და რა ეღირება ყოველი მათგანი.
„ჩვენი სტრატეგია „ერთი ფორდი“ ელექტრომობილებზეც ვრცელდება, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, ეს ტექნოლოგიურად რთული ავტომობილი, ევროპელი მყიდველისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. ეს ავტომობილი, გარემოზე ზრუნვის გარდა, კარგი მართვადობითაც გამოირჩევა და მომხმარებლის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. და ამ მხრივ, ბაზარზე უნიკალურ პროდუქტად წარსდგება“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი ბარბ სამარჯიჩი, ვინც წარმოების განვითარებას კურირებს.

No comments:

Post a Comment