Wednesday, June 12, 2013

„ოპელი“ განახლებულ „ინსიგნიას“ ფრანკფურტში გვიჩვენებს

The New Opel Insignia – The Engine and Infotainment Revolution
12 ივნისი
რამდენიმე წლის წინ, მოდელ „ინსიგნიას“ წარმოების დაწყება, ნამდვილი რევოლუცია გახდა „ოპელის“ ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ რიუსელსჰაიმურმა კომპანიამ ახალი ისტორია დაიწყო. უფრო მეტიც, დებიუტისთანვე (2008 წელს) „ინსიგნია“ ევროპის 2009 სამოდელო წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. რაც მთავარია, ავტომობილზე თავიდანვე კარგი მოთხოვნა იყო და ის ახლაც პოპულარულია. თუმცა, „ინსიგნიასაც“ დაუდგა განახლების დრო, რის შემდეგაც ის ალბათ კიდევ უფრო მეტ მყიდველს მიიზიდავს.
განახლებულ „ინსიგნიას“ აქვს ახლებურად გაფორმებული წინა ნაწილი, უფრო გაზრდილი რადიატორის ცხაურით, შეცვლილი ბამპერით და წინა ფარებით, შეცვლილი უკანა, უფრო ზორბა და რთული ფორმის ფარები და ბამპერი. შეიძლება ითქვას, რომ უკანა ნაწილი ღია „კასკადას“ გავლენას განიცდის. შეიცვალა ინტერიერი, სადაც პირველ რიგში, ახალ საჭის რგოლი მოგხვდებათ თვალში. შეცვლილია მაჩვენებლების დაფა, რომელზეც სამი მრგვალი მაჩვენებელი გამოჩნდა. ცენტრში კი 8-დუიმიანი სენსორული მრავალფუნქციური ეკრანი მოთავსდა, რომელიც მულტიმედიურ სისტემას ემსახურება.

განახლებულ „ინსიგნიაზე“ ოთხ ახალ ძრავს შემოგთავაზებენ. მათგან ორი ბენზინისაა, ორიც - დიზელის. ბენზინის ძრავებიდან ერთი 2.0-ლიტრიანი ტურბოა და ის 250 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მეორეა 1.6-ლიტრიანი ტურბო და მისი სიმძლავრე 170 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 260 ნიუტონმეტრი (ოვერბუსტით 280 ნიუტონმეტრი). ორივე ძრავს ემსახურება სისტემა SIDI, რომელიც იშიფრება, როგორც ნაკერწკლით აალებადი, უშუალო შეფრქვევით. ორივე ძრავს უწყვილდება 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, კომპლექტში ასევე შედის სისტემა სტარტ/სტოპი. შესაძლებელია შემცირებული ხახუნის 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის დაყენება. ყველა შემთხვევაში, ავტომობილი წინა ამძრავიანია, თუმცა 2.0-ლიტრიანი ტურბოს ვერსია შესაძლებელია სრულამძრავიანიც იყოს.

რაც შეეხება დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავებს, ორივე 2.0-ლიტრიანი ტურბოა, ფორსირების განსხვავებული ხარისხით. ერთი 120 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს იძლევა, მეორე კი - 140 ცხენის ძალას და 370 ნიუტონმეტრს. საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.7 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი კილომეტრზე მხოლოდ 99 გრამი. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული, კომპლექტში კი ფუნქცია სტარტ/სტოპი შედის. ორივე ძრავი, თავისი ეფექტურობით, A+ კლასს შეესაბამება.

შესაძლებელია დიზელის აგრეგატების ტოპ ვერსიის შეკვეთა, რომელიც წყვილი ტურბო დამჭირხნითაა აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 195 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 400 ნიუტონმეტრს. თანაც, მაქსიმალურ მომენტს, ძრავის მუხლა ლილვის ბრუნვების ფართო დიაპაზონში იძლევა. ბენზინის ძრავების კომპლექტში შედის თხევად გაზზე მომუშავე 1.4-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც 140 ცხენის ძალას და 200 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი (ოთხ და ხუთკარიანი ძარების შემთხვევაში) გამონაბოლქვზე ევრო 6 სტანდარტს აკმაყოფილებს - ყოველ კილომეტრზე, 124 გრამ CO2-ს გამოჰყოფს (უნივერსალის შემთხვევაში 129 გრამს). ეს ძრავი, თავისი ეფექტურობით, A კლასს შეესაბამება.


გარდა ამისა, დაიხვეწა შასი, საკიდარი და საჭის მექანიზმი. ამ ყველაფრის წყალობით, ავტომობილი კომფორტულიც გახდა, ადვილადაც ემორჩილება მძღოლის ბრძანებებს და უფრო მანევრულიცაა. შემცირდა ხმაური და ვიბრაცია. საერთო ჯამში, ის უფრო მაღალი ლიგის მოთამაშე გახდა. ავტომობილი ასევე უსაფრთხოების ახალი თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა. მათ შორისაა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, უხილავი ზონების გამაფრთხილებელი სისტემა, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი და პრემიუმ სავარძლები. ახალია უგასაღებო სისტემა „ოუპნ ენდ სტარტ“, რომელიც გასაღების გარეშე მანქანის გაღების და დაქოქვის საშუალებას მოგცემთ.

„ოპელის“ მთავარი აღმასრულებელი, დოქტორი კარლ-თომას ნოიმანი ამბობს, რომ განახლების შემდეგ, კომპანიის ფლაგმანი „ინსიგნია“ უფრო თვალწარმტაცი და დახვეწილი ავტომობილია და რაც მთავარია, მძღოლის და მგზავრების გაცილებით მაღალი დონის კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რასაც უახლესი ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება განაპირობებს. და ამ ყველაფერს „ოპელი“ თავის მყიდველს ხელმისაწვდმ ფასში სთავაზობს - გერმანიაში მისი შეკვეთა 21 ივნისიდან იქნება შესაძლებელი, მინიმალური ფასი კი 24 325 ევროა. ჩვენთან ის ალბათ წლის ბოლოს გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment