Thursday, June 6, 2013

შიდასეზონური ტესტები მომავალ სეზონში დაბრუნდება

In-season testing to return in 2014
6 ივნისი
იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ ირწმუნება, რომ მომავალი სეზონიდან ფორმულა ერთში შიდასეზონური ტესტები დაბრუნდება. არადა, მონაკოს დიდი პრიზის წინ, გერმანული „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იტყობინებოდა, რომ FIA-მ უარყო „ფერარის“ შეთავაზება, რომელიც აეროდინამიკური ტესტების, სწორზე ტესტებისა და სარეკლამო ტესტების ნაცვლად, სამუშაო ტესტები დაბრუნებას ითვალისწინებდა.
„გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას, „რედ ბულის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ტესტებთან დაკავშირებით, შეთანხმებას გუნდებმა მონაკოში მიაღწიეს. იტალიურ ვებგვერდ „იტალიარასინგის“ ინფორმაციით, გუნდებს სეზონის მსვლელობისას ოთხი ორდღიანი ტესტის ჩატარების უფლება მიეცემათ. ტესტები კი ევროპულ ტრასებზე ჩატარდება.
„ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად „პირელის“ გაახარებს, რადგან ისინი ახალი საბურავების შემუშავებისას, უკეთეს შედეგებს მიიღებენ. რა თქმა უნდა, მოგებულები დარჩებიან ძრავების მწარმოებლები, რადგან მათ სრულიად ახალი ძრავების სრულყოფისთვის შესანიშნავი საშუალება ექნებათ“, - ნათქვამია „იტალიარასინგის“ პუბლიკაციაში.
„აუტო მოტორ უნდ შპორტი“ წერს, რომ ტესტების დაბრუნებას რამდენიმე გუნდი არ უჭერს მხარს და მათ შორის, არამხოლოდ აუტსაიდერები არიან. ამის მიზეზი კი ისედაც ძალიან ძვირადღირებული სეზონის კიდევ უფრო გაძვირებაა. ჟურნალის წყარო, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, ყვება: „19-20 რბოლა ისედაც ბევრია. ამას დაუმატეთ სეზონისწინა ტესტების 12 დღე და 9 დღე სეზონის მსვლელობისას. ასეთ დატვირთულ სატესტო საქმიანობას ცალკე გუნდი დასჭირდება. ასეთ გუნდს დამატებით 5-10 მილიონი ევრო დასჭირდება“, - ამბობს წყარო.

No comments:

Post a Comment