Saturday, June 29, 2013

„ნისმო“ და „უილიამსი“ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

Nismo and Williams Agree to Develop High-Performance Vehicles
29 ივნისი
„ნისანის“ სპორტული ავტომობილების შტო „ნისმო“ და ფორმულა ერთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდ „უილიამსის“ მოწინავე ტექნოლოგიების შტო პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებენ, რისი მიზანიც, სხვადასხვა ტიპის სპორტული ავტომობილების შემუშავებაა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „უილიამსი“ პროექტებში გამოიყენებს აეროდინამიკაში, კომპიუტერულ მოდელირებასა და ახალი მასალების დანერგვაში დაგროვებულ გამოცდილებას. პარტნიორები პირველ ერთობლივ პროდუქტს მომავალ წელს გვიჩვენებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მოდელით დაიწყება ორი კომპანიის თანამშრომლობა.

„ნისმო“ იაპონური კომპანიის შედარებით ახალი შტოა და წელს ჯერჯერობით „ნისანის“ მხოლოდ ორი მოდელი (ჯუკ ნისმო და 370Z ნისმო) აქვს გასპორტულებული. ამჟამად კი სპორტული GT-R-ის უფრო ტემპერამენტიან ვერსიაზე მუშაობს. ახლახანს „ნისმომ“ იოკოჰამაში (იაპონია) ახალი გლობალური ცენტრი გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის პროდუქციასაც მყიდველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესთავაზებენ.
„კომპანია „ნისმო“ არის ბრენდი, რომელსაც რბოლებში 30-წლიანი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ახლა კი ჩვენს გამოცდილებას, „უილიამსის“ ავტორიტეტიც დაემატება, ამ ყველაფრის შედეგი კი ჩვენი პროდუქციის კიდევ უფრო ტემპერამენტიანი ვერსიების წარმოება გახდება“, - ამბობს „ნისმოს“ პრეზიდენტი შოიჩი მიიატანი.
„ორივე კომპანიის ფესვები რბოლებიდან მოდის და ორივე უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს. და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო სრულყოფილი ავტომობილების წარმოების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც საავტომობილო მრეწველობის უმაღლეს საფეხურებს დაიკავებს“, - ამბობს „უილიამსის“ დამფუძნებელი და თანამფლობელი სერ ფრენკ უილიამსი.
„ნისანის“ სურვილია, რომ „ნისმომ“ ყოველწლიურად მინიმუმ ერთი მოდელი მაინც გამოუშვას. უფრო მეტიც, იაპონური კომპანია გეგმავს, რომ „ნისმომ“ მისი ყველა მოდელის ტემპერამენტიანი ვერსია შეიმუშაოს.

No comments:

Post a Comment