Tuesday, June 4, 2013

„კატერჰემი“ ლე მანზე დებიუტისთვის ემზადება

Caterham Preparing for 24 Hours of Le Mans Debut
4 ივნისი
სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანის „კატერჰემი“ წელს პირველად იასპარეზებს ლე მანის 24-საათიან რბოლაში, რომელიც 22/23 ივნისს ჩატარდება საფრანგეთის სარტეს ავტოდრომზე. გამძლეობაზე პოპულარულ რბოლაში საასპარეზოდ, „კატერჰემი“ ამჯერად კომპანია „ციტეკის“ მიერ მომზადებულ სპორტულ ღია პროტოტიპს გამოიყენებს, რომელიც „ნისანის“ ძრავითაა აღჭურვილი. ავტომობილი LMP2 კატეგორიას შეესაბამება და ბუნებრივია, აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებისთვის არ (ვერ) იბრძოლებს.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლე მანზე ასპარეზობა, საერთაშორისო სპორტულ არენაზე, „კატერჰემის“ სტატუსს აამაღლებს და ამ კომპანიას ხელს შეუწყობს სპორტული ავტომობილების წარმოების და მარკეტინგის საქმეში - როგორც ცნობილია, ბრიტანული კომპანია 2016 წელს საკუთარი სუპერ ავტომობილის გამოშვებას აპირებს და ამ საქმეში მისი პარტნიორი „რენოა“.
ლე მანის რბოლაში, „კატერჰემის“ მეორე კატეგორიის პროტოტიპით, ბრიტანული კომპანიის ფორმულა ერთის გუნდის სარეზერვო პილოტი, ამერიკელი ალექსანდერ როსი, ლე მანის LMP2 კლასის სამგზის გამარჯვებული, ბრიტანელი ტომ კიმბერ-სმიტი და ლუქსემბურგელი ბიზნესმენი, კომპანია „გენიი კეპიტალის“ (ლოტუსის ფ1-ის საჯინიბოს მფლობელი) თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ერიკ ლუქსი იასპარეზებენ.
„კატერჰემის“ ტექნოლოგიების შტოს მთავარი აღმასრულებელი, ცნობილი ინჟინერი მაიკ გესკოინი ამბობს, რომ „კატერჰემს“ საკმარისი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ საკუთარი პროტოტიპი შექმნას. და ლე მანის წლევანდელ რბოლას, საკუთარი პროგრამის გასავითარებლადაც გამოიყენებს. მისი თქმით, პროტოტიპების კლასში აშკარად ძალიან ცოტა საავტომობილო კომპანიის საქარხნო გუნდი მონაწილეობს და „კატერჰემი“ ამ შესაძლებლობას, თავის სასარგებლოდ გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment