Friday, June 14, 2013

ალონსო მსოფლიოში ყველაზე მაღალხელფასიანი მრბოლია

The World's Highest-Paid Athletes 2013
14 ივნისი
ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოს 100 ყველაზე მაღალხელფასიანი სპორტსმენის სია, რომელშიც მხოლოდ რვა მრბოლი შევიდა. მათ შორის, ყველაზე მაღალი, მე-19 ადგილი „ფერარის“ ესპანელ მრბოლ ფერნანდო ალონსოს უკავია, რომელსაც შარშანდელი 1 ივნისიდან წლევანდელ 1 ივნისამდე ჯამში 30 მილიონი დოლარი აქვს მიღებული. ამ თანხიდან, იტალიურ საჯინიბოს ხელფასზე 28 მილიონი მოდის, დანარჩენი თანხა კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს კერძო კონტრაქტებიდან აქვს მიღებული.
მრბოლთა შორის მეორე (საერთო სიაში კი 26-ე) ადგილზეა ლუის ჰამილტონი, რომლის შემოსავალმაც 27.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხიდან, „მაკლარენისა“ და „მერსედესისგან“ მიღებულ ხელფასებზე ჯამში 26 მილიონი მოდის, დანარჩენი კი - სპონსორებთან კონტრაქტებზე.
მესამე (საერთო სიაში 32-ე) ყველაზე მაღალხელფასიანი მრბოლია ამერიკულ სერია ნასქარ-ის ამერიკელი პილოტი დეილ ერნჰარდტ-უმცროსი, ლეგენდარულ დეილ ერნჰარდტის შვილი, რომლის შემოსავალმაც 26 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხის ნახევარს ის გუნდ „ჰენდრიკ მოტორსპორტსისგან“ ღებულობს, ნახევარს კი - პირადი კონტრაქტებიდან და რბოლებში გამარჯვებისთვის მიღებული საპრიზო ჰონორარებიდან, ასევე საკუთარი სახელის გამოყენების გაყიდვიდან.
მოტორბოლების მოქმედ ლეგენდას იტალიიდან, ვალენტინო როსის მრბოლებს შორის მეხუთე, სპორტსმენებს შორის კი 51-ე ადგილი უკავია. მისმა ანაზღაურებამ 22 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა 12 მილიონი „დუკატისა“ და „იამაჰასგან“ მიიღო, 10 მილიონი კი - პირადი კონტრაქტებით გამოიმუშავა.
მხოლოდ 89-ე ადგილზეა ფორმულა ერთის სამგზის ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი, ვისაც „მხოლოდ“ 18 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული. აქედან 17 მილიონი „რედ ბულ რეისინგისგან“ მიიღო, ერთი მილიონი კი კერძო კონტრაქტებით. სიაში ვერ მოხვდა ფ1-ის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რადგან ამ „ფორბსს“ სიაში მხოლოდ მოქმედ სპორტსმენები შეჰყავს.
მსოფლიოს ყველაზე მაღალ ხელფასიანი სპორტსმენი ისევ ამერიკელი მეგოლფე ტაიგერ ვუდსია, რომელმაც ერთ წელიწადში ჯამში 78.1 მილიონი დოლარი (65 მილიონი პირადი კონტრაქტებით და საპრიზო ჯილდოების სახით) მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, ვისაც 71.5 მილიონი აქვს მიღებული (საპრიზო და პირადი კონტრაქტებით 65 მილიონი), მესამეზე კი ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტია. მისი ჯიბე 61.9 მილიონი დოლარით შეივსო, რომელთაგან 27.9 მილიონი „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია, ალონსო მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მრბოლის სტატუსს არავის უთმობს. მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ წლის ბოლოს, მას ამ წოდებაში ჰამილტონი შეეცილება, რომელიც „მერსედესში“ იმაზე მაღალ ხელფასს ღებულობს, ვიდრე „მაკლარენში“ ჰქონდა.

მსოფლიოს ყველაზე მაღალხელფასიანი მრბოლები
19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფორმულა 1)         30
26. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, ფორმულა 1)       27.5
32. დეილ ერნჰარდტ-უმცროსი (აშშ, ნასქარ-ი)           26
41. ჯიმი ჯონსონი (აშშ, ნასქარ-ი)                                   24
51. ვალენტინო როსი (იტალია, მოტო GP)                    22
83. ტონი სტიუარტი (აშშ, ნასქარ-ი)                               18.5
85. ჯეფ გორდნი (აშშ, ნასქარ-ი)                                      18.2

89. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფორმულა 1)          18

No comments:

Post a Comment