Thursday, June 27, 2013

„ლენდ როვერ დიფენდერი“ ლიმუზინის ფრაკში

Carisma Says it Has Crafted the Most Luxurious Land Rover Defender Interior Ever
28 ივნისი
ბრიტანული კომპანია „ქარიზმა ავტო“ ჩვეულებრივი ავტომობილების ლიმუზინებად გადაკეთებაზეა დახელოვნებული. მისმა სპეციალისტებმა „მერსედეს-ბენცის“ ვენი „ვიანო“ ნამდვილ ლიმუზინად გადააქციეს. შემდეგ კი თვალი „რეინჯ როვერის“ ლეგენდარულ „დიფენდერს“ დაადგეს, ავტომობილს, რომელსაც კომფორტთან და მდიდრულ ავტომობილებთან საერთო არაფერი აქვს და რომელიც ავტოგურმანებს თავისი ყველგანმავლის შეუდარებელი თვისებებით ხიბლავს.
„ქარიზმა ავტოს“ სპეციალისტები „დიფენდერის“ გარეგნობას არ შეხებიან - ეს ამ კომპანიის პრინციპია. უფრო მეტიც, კომპანიამ ამ ავტომობილის ექსტერიერის ფოტოებიც კი არ გამოაქვეყნა. შესაძლოა, მანქანის პატრონს არ სურდა, რომ მისი ლიმუზინი გარედან შეუცნობადი დარჩენილიყო. სამაგიეროდ, შიგნიდან „მცველი“ ისე მოაწყვეს, შეიხებს რომ მოეწონებათ.
რა თქმა უნდა, „დიფენდერის“ ინტერიერი ძირეულად შეიცვალა. როგორც ლიმუზინს შეეფერება, „ქარიზმამ“ სალონის გასაწყობად უმაღლესი ხარისხის ტყავი და ხელნაკეთი დეტალები გამოიყენა. ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ასეთი ექსკლუზიური ინტერიერის მიუხედავად, ავტომობილი თავის ყველგანმავლის თვისებებს სრულად ინარჩუნებს. უფრო მეტიც, ასევე შესაძლებელია ეს ავტომობილი შეჯავშნულ ლიმუზინადაც გადაკეთდეს.
რაც მთავარია, კლიენტს თავისი სურვილისა და გემოვნების შესაბამისად შეუძლია შეუკვეთოს ინტერიერის სტილი და გასაწყობი მასალები. მყიდველს ტყავის, ძვირფასი ხისა და ხალიჩების ფართო გამას შესთავაზებენ. თეორიულად, თითქმის გამორიცხულია „ქარიზმასეული“ „დიფენდერის“ ორი ერთნირი ეგზემპლარის დამზადება. შეზღუდვა მხოლოდ კლიენტის წარმოსახვას შეუძლია.
ლიმუზინის სალონში ნახავთ მაცივარს (მაცივრებსაც კი), ტელევიზორებს, რბილ ჭერს, ძალიან კომფორტულ სავარძლებს, შამპანურის თვალისმომჭრელ ჭიქებს. აქვეა უკაბელო ინტერნეტი, სისტემა ბლუთუთ, „ბენგ ენდ ოლუფსენის“ წარმოების უმაღლესი კლასის აუდიო სისტემა და სხვა.
და მაინც, საიდან მოუვიდათ „ქარიზმას“ ჯადოქრებს ასეთი უცნაური ავტომობილის შექმნის იდეა? კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ქლივ დრეიკი ყვება: „ერთხელაც, ოფისში მოვიდა კლიენტი, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ სურდა, მის „დიფენდერს“ უგზოობის ავტომობილის ყველა თვისება შეენარჩუნებინა და იმავდროულად, მის სალონში ყოფილიყო „რეინჯ როვერისთვის“ დამახასიათებელი გარემო და „როლს როისისთვის“ დამახასიათებელი ექსკლუზიურობა“...
როგორც ჩანს, „ქარიზმას“ სპეციალისტებმა კლიენტს მშვენივრად გაუგეს. ან იქნებ, უფრო მეტიც გააკეთეს, ვიდრე მას სურდა?

No comments:

Post a Comment