Monday, June 3, 2013

„ბრიჯსტოუნის“ შავი ზღვის თასი რუსთავში

კვირას რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს - „ბრიჯსტოუნის“ შავი ზღვის თასს უმასპინძლა. ჩატარდა ფორმულა „ალფას“, ლეჯენდსის, GT და მონო კლასის ავტომობილების რბოლები. ამასთან, GT კლასი ორ - შეუზღუდავ და 2.0-ლიტრიანი ძრავების ქვეკლასებად გაიყო, თუმცა მათი რბოლა ისევ მონო კლასთან ერთად ჩატარდა.

 სამწუხაროდ, კვლავ შემცირდა ლეჯენდსის კლასის ავტომობილების რბოლის მონაწილეთა რაოდენობა. ევროპულ არენაზე დათა ქაჯაიას წარმატებათა მიუხედავად, ჩვენში ამ კლასს ფეხის მოკიდება უჭირს. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც სტარტზე მხოლოდ ხუთ ავტომობილს ნახავ. მონაწილეთა შორის არ არიან შარშანდელი ჩემპიონი გიორგი ბეჟიტაშვილი და რამდენიმე რბოლის გამარჯვებული გოგა არჯევანიძე, რომლებმაც მაყურებელთა რიგები შეავსეს (იმედია, დროებით).

 და მაინც, რბოლა ძალიან საინტერესო გამოდგა. სტარტიდან ფინიშამდე, გამარჯვებისთვის არჩილ ბიძინაშვილმა და დათა ქაჯაიამ იბრძოლეს. ყოველ წრეზე ლიდერი ერთხელ მაინც იცვლებოდა. საბოლოოდ ბიძინაშვილმა გაიმარჯვა, კლერმონ ფერანის ტრიუმფატორი ქაჯაია კი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. კარგა ხანს,
საინტერესო ბრძოლა ჰქონდათ შოთა აფხაზავას და კოტე კოლიაშვილს, რომელთა შორისაც საბოლოოდ აფხაზავამ იმარჯვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა. უნდა ითქვას, რომ ის შეუძლოდ რომ არ ყოფილიყო, გამარჯვებისთვის მოპაექრეთა შორის ვიხილავდით. დავით აფციაური კი, რომელმაც პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის იბრძლა, ამჯერად მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ეს რბოლა, მორიგი ევროპული თავდაგასვლის წინ, ერთგვარი მოთელვა იყო ქაჯაიასთვის, რომელიც კოლიაშვილთან ერთად, ამ უქმეებზე ბრიტანულ ბრენდს ჰეჩის ტრეკზე იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ქაჯაიას ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა თასის პირველი ორი ეტაპის ექვსი რბოლიდან ხუთი აქვს მოგებული და სერიას, რომლის მოქმედი ჩემპიონიცაა, დამაჯერებლად ლიდერობს.


ლეჯენდსისგან განსხვავებით, მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა ფორმულა ალფაში, რომლის სტარტზეც 10 მანქანა დადგა. თუმცა, ლეჯენდსის მსგავსად, მონაწილეთა შორის არც აქაა ჩემპიონი - ნიკა ადეიშვილი. ბეჟიტაშვილის მსგავსად, ისიც „გალფის“ გუნდის წევრი იყო, რომელიც სამწუხაროდ, ამ სეზონში მონაწილეთა შორის აღარაა.

რბოლის პირველივე მოსახვევში მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც ასპარეზობას ერთბაშად სამი მონაწილე გამოეთიშა. იმავე წრეზე, შოთა აფხაზავაც გაჩერდა. მოგვიანებით, მანქანა (მარჯვენა უკანა საკიდარი) ნიკა ჩხეიძეს დაუზიანდა, რომელმაც რბოლის დასრულება კი სცადა, მაგრამ ფინიშს ვერ მიაღწია. ფინიშამდე ერთი წრე დააკლდა ახალბედა ირაკლი ხიდეშელს, რომელმაც ასევე ახალბედა შაკო ციხელაშვილთან თითქმის ბოლომდე იბრძოლა.


გამარჯვება კი ლაშა ნადირაშვილმა მოიპოვა, რომელმაც მოწინავე პოზიცია სწორედ პირველ მოსახვევში იგდო ხელთ და ბოლომდე შეძლო მისი მევლუდ მელაძის შეტევებისგან დაცვა. ამგვარად, მეორე ეტაპი „MIA ფორსის“ პილოტის გამარჯვებით დასრულდა - პირველი ირაკლი ჩხეიძეს აქვს მოგებული.

დაბოლოს, ეგრეთ წოდებული ძარიანი ავტომობილების რბოლა, რომელიც მონაწილეთა სიმრავლითაც გამოირჩევა და კლასებად დაყოფითაც. სტარტზე 18 მანქანა დადგა, რომელთაგან სამი იუო GT-შეუზღუდავი კლასის, ხუთი 2.0-ლიტრიანი ტურინგის და დანარჩენი ათი - მონო კლასის. ამ სამიდან მონო კლასი ყველაზე ხელმისაწვდომია და შესაბამისად, მისი მონაწილეთა რიცხვიც იზრდება. მაგრამ სამწუხაროდ, მათი რბოლა, გაცილებით ძლიერი კლასის მონაწილეთა ფონზე იკარგება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ კლასის გამარჯვებული მევლუდ მელაძე, რბოლაში ყველაზე სწრაფს, GT-შეუზღუდავის ტრიუმფატორ სანდრო ცხადაძეს წრეზე ჩამორჩა. რა თქმა უნდა, ერთ რბოლაში სხვადასხვა კლასის ავტომობილების გამოყვანა ქართველების მოგონილი არაა, მაგრამ ალბათ აჯობებს, მაყურებელმა თანაბარი შესაძლებლობების მქონე მანქანები იხილოს.






აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს არჩილ ბიძინაშვილის კარგი გამოსვლა.

გაცილებით მძლავრი მანქანებით მოასპარეზე მეტოქეთა შორის, აბსოლუტურში მან მეორე ადგლის დაკავება შეძლო, ორლიტრიან ტურინგში კი გაიმარჯვა. საბოლოოდ, მეორე ეტაპზე მის ანგარიშზე ორი გამარჯვება და ერთიც მეორე ადგილი დაგროვდა, რაც გამორჩეული მიღწევაა. ორლიტრიან ტურინგში მეორე და მესამე ადგილები ზურაბ ბეჟაშვილმა და შაკო ციხელაშვილმა დაიკავეს. მეოთხეზე კი საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილე, სანდრო თავართქილაძე გავიდა.


GT შეუზღუდავში და საერთოდ რბოლაშიც, ყველაზე სწრაფი „ბეემვეთი“ მოასპარეზე სანდრო ცხადაძე იყო, რომელმაც პირველ ეტაპზეც გაიმარჯვა და თავის კლასში დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს. მეორე და მესამე ადგილები, ბიძინაშვილმა და ვასიკო ჭონიშვილმა დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზეც, აბსოლუტურ ჩათვლაში, ამ სამეულმა კვარცხლბეკზე იმავე თანმიმდევრობით დაიკავა ადგილები.


კვარცხლბეკზე ორჯერ ვიხილეთ მევლუდ მელაძე, რომელმაც ფორმულაში დაკავებულ მეორე ადგილს, მონო კლასში გამარჯვება დაუმატა. ის სტარტიდანვე დაწინაურდა და ბოლომდე წინ არავინ გაუშვია. საბოლოოდ, მას თითქმის ორი წამით ჩამორჩა დავით მენთეშაშვილი, რომელმაც რბოლის პირველ ნაწილში რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, ბოლოს კი სანდრო ლომაძესთან ბრძოლაშიც დაწინაურდა და საბოლოოდ, დამსახურებულად დაიკავა მეორე ადგილი.

ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი 2013
ფორმულა ალფა
1. ლაშა ნადირაშვილი        22:07.661
2. მევლუდ მელაძე 22:08.492
3. დავით რამიშვილი         22:14.245
4. შაკო ციხელაშვილი        22:56.573
გ. ირაკლი ხიდეშელი         1 წრე
გ. ირაკლი ჩხეიძე                3 წრე
გ. ეფიმ განტმახერი            9 წრე
გ. ბაქარ ჯიქია                      9 წრე
გ. შოთა აფხაზავა                9 წრე
გ. დავით აფციაური            9 წრე

ლეჯენდსი
1. არჩილ ბიძინაშვილი      20:07.281
2. დათა ქაჯაია                     20:07.424
3. შოთა აფხაზავა                20:22.885
4. კოტე კოლიაშვილი         20:34.110
5. დავით აფციაური            20:48.178

ტურინგი, GT
1. სანდრო ცხადაძე                         GT შეუზღუდავი     19:25.538
2. არჩილ ბიძნაშვილი                    ტურინგ 2.0               19:40.398
3. ვასიკო ჭონიშვილი                     GT შეუზღუდავი     20:00.144
4. ზურაბ ბეჟაშვილი                      ტურინგ 2.0               20:22.524
5. შაკო ციხელაშვილი                    ტურინგ 2.0               20:28.795
6. ირაკლი კაკაურიძე                     GT შეუზღუდავი     20:29.823
7. სანდრო თავართქილაძე           ტურინგ 2.0               21:30.134
8. მევლუდ მელაძე                         ტურინგი                   1 წრე
9. დავით მენთეშაშვილი              ტურინგი                   1 წრე
10. სანდრო ლომაძე                        ტურინგი                   1 წრე
11. ლევან კიკნაძე                            ტურინგი                   1 წრე
12. ლაშა ჭანტურია                         ტურინგი                   1 წრე
13. გოგა გელაშვილი                       ტურინგი                   1 წრე
14. გიორგი კიკნაძე                         ტურინგი                   1 წრე
15. დავით ჩხიკვიშვილი               ტურინგი                   1 წრე
16. სოსო ბეგოიძე                            ტურინგი                   1 წრე
გ. ზურაბ ბაქრაძე                            ტურინგი

გ. გიორგი ფირცხალაიშვილი       ტურინგ 2.0

No comments:

Post a Comment