Monday, June 17, 2013

„ლამბორგინი“ ფრანკფურტში „გალარდოს“ შემცვლელს გვიჩვენებს?

Lamborghini Gallardo Successor Rumored for Frankfurt Show, May Be Called the Cabrera
17 ივნისი
„ლამბორგინისთვის“ ეს წელი განსაკუთრებულია. იტალიური კომპანია 50 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური 1200-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო იტალიის გასწვრივ, რომელშიც 350 „ლამბორგინი“ და მათი მფლობელები მონაწილეობდნენ. იუბილეს სპეციალური „ავენტადორი“ მიეძღვნა. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იყო ორი ექსკლუზიური ავტომობილის - „ვენენოს“ და „ეგოისტას“ პრემიერები.
და როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა, რადგან როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ იუწყება, სანტ’აგატა ბოლონეზელები ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „გალარდოს“ შემცვლელი ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას  წარადგენენ. „ავტოქარს“ ეს ინფორმაცია იტალიური კომპანიის თანამშრომელმა მიაწოდა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის ირწმუნება, რომ ახალ ავტომობილს ბევრი საერთო ექნება „აუდის“ სუპერ ავტომობილ R8-სთან. ორ ავტომობილს ბევრი საერთო კომპონენტი ექნება, მათ შორის, ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მსუბუქი მზიდი სტრუქტურა.
ამ ეტაპზე ავტომობილს კოდურ სახელ LP724-ად მოიხსენიებენ. სავარაუდოდ, სერიულ ვერსიას „კაბრერას“ დაარქმევენ. ის „გალარდოზე“ დაახლოებით 16 მილიმეტრით გრძელი იქნება, სხვა მხრივ კი გაბარიტული ზმები პრაქტიკულად უცვლელი დარჩება. ამგვარად, ახალი ავტომობილის გაბარიტები უნდა იყოს: სიგრძე დაახლოებით 4 500 მილიმეტრი, სიგანე 1 900 მილიმეტრი და სიმაღლე 1 165 მილიმეტრი. სიგრძის ზრდა ძირითადად ბორბლებს შორის ბაზის დაგრძელების შედეგი უნდა იყოს, რისი წყალობითაც, ინტერიერის მოცულობაც გაიზრდება.
მთავარი სიახლე ახალი პლატფორმაა, რომლის გამოყენებასაც, „ლამბორგინისაც“ და „აუდისაც“ „ფოლკსვაგენის“ (ლამბორგინიც და აუდიც ვოლფსბურგულ ჯგუფშია გაერთიანებული) ახალი პოლიტიკა ავალდბულებს. ესაა მოდულური პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილებს ესადაგება. ის კარბონის და ალუმინისგანაა დამზადებული. ამ პლატფორმაზე, „გალარდოს“ შემცვლელი და მეორე თაობის R8 აიგება. პლატფორმის წონა მხოლოდ 198 კილოგრამი იქნება, 24 კილოგრამით მსუბუქი ახლანდელი R8-ს პლატფორმაზე. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ R8-ს პლატფორმა 30 მილიმეტრით გრძელი იქნება „ლამბოსაზე“. შესაბამისად, იტალიური სუპერ ავტომობილის პლატფორმა 3 კილოგრამით მსუბუქიც გამოვა.
„ლამბოს“ მიზანია, რომ ახალი ავტომობილის წონა 1500 კილოგრამზე ნაკლები იყოს. ამდენს ახლანდელი „გალარდო“ იწონის. რაც შეეხება ძრავს, ეს ალბათ იქნება ახლანდელი 5.2-ლიტრიანი V10-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 542 ნიუტონმეტრი იქნება. მართალია, ხშირად წერენ, რომ ახალი ავტომობილი მექანიკური კოლოფით არ აღიჭურვება, მაგრამ „ავტოქარი“ ამ ინფორმაციას იგნორირებას უკეთებს და ირწმუნება, რომ ახალ ავტომობილზე, ძველი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფის გაუმჯობესებულ ვერსიას დააყენებენ. ამასთან, ოპციის სახით, მყიდველს იმ 7-საფეხურიან ორქუროიან კოლოფსაც შესთავაზებენ, რომლითაც R8 აღიჭურვება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს კოლოფი სტანდარტულ ეკიპრირებაში შევიდეს.
დაბოლოს, „კაბრერა“ სტანდარტული შესრულებით, სრულამძრავიანი ავტომობილი იქნება, თუმცა მყიდველს უკანა ამძრავიანი ვარიანტის შეკვეთის საშუალებაც ექნება.

No comments:

Post a Comment