Saturday, June 22, 2013

ოჟიემ მეოთხე გამარჯვება იტალიაში მოიპოვა

Dominant Frenchman Ogier wins Rally of Italy
22 ივნისი
სებასტიანი მიდის და მას სებასტიანი ცვლის. ლეგენდარულ ფრანგს, მომავალი ჩემპიონი ანაცვლებს. ოღონდ, არა „სიტროენზე“, არამედ „ფოლკსვაგენზე“ ამხედრებული. განვლილი შვიდი ეტაპიდან, მან უკვე მეოთხე მოიგო. ამჯერად იტალიაში. სებასტიან ოჟიე „ფოლკსვაგენის“ ახალი გუნდის მთავარი ძალაა. და მისი შეჩერება შეუძლებელია.
რალის მსოფლიო ჩემპიონატმა ეკვატორი სწორედ იტალიაში (კუნძულ სარდინიაზე) გადაკვეთა. მთელი რბოლა ოჟიემ სტარტიდან ფინიშამდე ლიდრის რანგში გაატარა და მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ ტიერი ნოივილს წუთზე მეტით აჯობა. იტალიაში გამარჯვების შემდეგ, ოჟიეს 154 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარს, ფინელ თანაგუნდელ იარი-მატი ლატვალას 64 ქულას უგებს.
ნოივილი რბოლის მიწურულს ბეწვზე გადაურჩა ძროხასთან შეჯახებას. მაგრამ საბოლოოდ ნახევარ წუთზე მეტით აჯობა ლატვალას და თავის კარიერაში საუკეთესო შედეგით გაიხარა. ამასთან, ბოლოს სუპერ სპეცმონაკვეთიც მოიგო და ამისთვის დამატებით სამი ბონუს ქულაც დაიმსახურა. სწორედ ამ სამი ქულის წყალობით, მან კლასიფიკაციაში ლოებს გადაასწრო და მესამე ადგილზე გადავიდა. რაც შეეხება ლატვალას, არავინ იცის, რბოლის პირველ დღეს, დაზიანბული საბურავის გამო ორი წუთი რომ არ დაეკარგა, იქნებ ოჟიეს ასე ადვილადაც, ან საერთოდ ვერ მოეგო.

თუმცა, რბოლის შემდგომ ოჟემ განაცხადა, რომ პერიოდულად, თავს სიფრთხილის უფლებას აძლევდა და მხოლოდ მაშინ უმატებდა ტემპს, როცა სჭირდებოდა. ფრანგი მაშინ ფრთხილობდა, როდესაც საგზაო პირობები უარესდებოდა და მანქანის დაზიანების შანსი იზრდებოდა.
რბოლა ვერ დაასრულა ფინელმა მიკო ჰირვონენმა, რომელმაც მეათე სპეცმონაკვეთზე, მოსახვევის გავლისას, ვერ მოზომა და გზისპირა წყალსადინარში ამოჰყო თავი. ამან მანქანა ისე დააზიანა, რომ ჰირვონენმა რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, მეცხრე ადგილი დაიკავა ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა, რობერტ კუბიცამ, ვინც WRC2 კატეგორიაში ასპარეზობს და ზედზედ მეორე რბოლაში, ამ კლასში უსწრაფესი იყო.

იტალიის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           3:22:57.900
2. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი)                             +01:16.800
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         01:48.000
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                    03:19.200
5. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            08:34.100
6. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                         11:51.800
7. მიხალ კოსციუშკო (პოლონეთი, ფორდი)                  11:52.700
8. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                          13:21.500
9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, სიტროენი)                 16:47.600
10. ხალიდ ალ ყასიმი (საემიროები, სიტროენი)           17:19.900

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) - 154 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) - 90; 3. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი) - 70; 4. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 68; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) - 61; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი) - 59; 7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 50; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 37; 9. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) - 31; 10. ნასერ ალ-ატია (ყატარი, ფორდ) - 30...

კონსტრუქტორთა თასი
1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 220 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი - 174; 3. კატარ WRT - 89; 4. კატარ M-სპორტ - 89; 5. ჯიპოცარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 39; 6. აბუ დაბი სიტროენ ტოტალ - 33; 7. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი II - 26; 8. ლოტოს WRC ტიმ - 20

No comments:

Post a Comment