Thursday, May 16, 2013

„მერსედეს-ბენცის“ ახალი S-კლასი - ლუქს კლასის ახალი ეტალონი

Mercedes-Benz Lifts the Covers Off the All-New 2014 S-Class Sedan
16 მაისი
სწორედ ასეა! „მერსედეს-ბენცმა“ საზოგადოებას გააცნო თავისი ახალი ფლაგმანი, რომელიც თავისი წარმოების ციკლის ბოლომდე, ანუ მინიმუმ 2020 წლამდე ლუქს კლასის ყველა მოთამაშისთვის ეტალონი იქნება. მის ასეთ პოზიციონირებას განაპირობებს როგორც ელეგანტური და ძალიან მდიდრული გარეგნობა, ასევე აღჭურვილობა და კომპლექტაციაც - ის უამრავი ელექტრონული მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომლებიც შეუცვლელებია როგორც კომფორტის უზრუნველსაყოფად, ასევე უსაფრთხოებისა და მართვის გაადვილებისთვის.
 ეს არის ძალიან უსაფრთხო, გარემოსადმი მაქსიმალურად მეგობრული და ტექნოლოგიური სიახლეებით გაჯერებული ავტომობილი, თანაც ისეთი ლამაზი და დახვეწილი, როგორიც ალბათ სამქიმიანებს ადრე არასდროს გაუკეთებიათ. ის არამხოლოდ ელეგანტური, არამედ კარგად გამოზომილი პროპორციების მქონე ავტომობილიცაა. რეალურად, ის არის სრულიად განსხვავებული იმ S-კლასისგან, რომელსაც შეცვლის.
 რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალმა S-კლასმა უნდა შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც „დაიმლერის“ მიერ ბრენდ „მაიბახის“ გაუქმების შემდეგ დარჩა. ახალ S-კლასს თავისუფლად შეუძლია ამ ულტრა ლუქს ბრენდის ავტომობილების შეცვლაც და რა თქმა უნდა, თავის წინამორბედს, რომელიც ისედაც ყველასათვის სასურველი ავტომობილი იყო, ერთი თავით სჯობს. არადა, ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ 8 წელია, რაც გამოდის, დღესაც ლუქს კლასის გამორჩეული ლიდერია.

 დავიწყოთ ავტომობილის სტილის დახასიათებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყურადღებას რადიატორის ცხაური და უჩვეულოდ რთული ფორმის კომბინირებული მთავარი შუქდიოდური ფარები (თითო კომპლექტში 56 დიოდი შედის) იქცევს. ფარებსა და რადიატორს ქვეშ მოქცეულია ბამპერი, უფრო სწორედ კი მისი ნარჩენი, რომლის შუა ნაწილსაც სანომრე დაფა ფარავს და რომელიც შუისკენ ქვევითაა დახრილი. ცხვირის ქვედა ნაწილში სპლიტერსა და მის ქვეშ არსებულ „ტუჩს“ შენიშნავთ, რომლებსაც აეროდინამიკური დანიშნულება აქვს და ჰაერის ნაკადის მოწესრიგებას ემსახურება.
 აეროდინამიკა ვახსენეთ და ბარემ შესაბამისი კოეფიციენტით გაგაოცებთ - 0.24. ესოდენ გიგანტური ავტომობილისთვის ასეთი დაბალი მაჩვენებელი სასწაულის ტოლფასია. თანაც, ეს ისეა გაკეთებული, რომ ავტომობილის ინდივიდუალური მხარე და გრაცია არ დაზარალებულა. მოკლედ, ბარაქალა შტუტგარტელ დიზაინერებს!

 მდიდრული კლასისთვის შესაფერისად, ავტომობილს გრძელი კაპოტი აქვს, რომელიც წინა ბორბლების თაღებს კარგა გვარიანად გამოსცდება. უკანა საყრდენი რბილად გადადის საბარგულში და გვერდხედში მას დამოკლებულად წარმოგვიდგენს, თუმცა რეალურად, საბარგული ძალიან დიდია. სახურავი მშვილდივით მოხრილია, თუმცა ეს სალონის მოცულობაზე პრაქტიკულად არ აისახება. უკანა ნაწილი კი სისადავით გამოირჩევა. სხვათა შორის, მის ცენტრალურ ნაწილში, რადიატორის ფორმის სანომრე ნიშაა მოთავსებული რაც სიმეტრიულობის განცდას აღვივებს და სიმეტრიულობასთან ერთად, ავტომობილს კონსერვატიულ, თუმცაღა მაინც ელეგანტურ შტრიხს მატებს.
 დააკვირდით ინტერიერის ფოტოებს და თუ თქვენ აღტაცების გამომხატველ ხმებს არ გამოსცემთ, ესე იგი, მდიდრულად გაფორმებული სალონებისადმი აბსოლუტურად გულგრილი ხართ. შესაძლოა, უფრო სპორტულ სტილს ანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ ამ კლასისთვის შესაფერისი ისაა, რასაც ახალი S-კლასის სალონში ნახავთ. რა თქმა უნდა, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მის გასაწყობად საუკეთესო ხარისხის მასალები და ძვირფასი ხის ჩანართებია გამოყენებული - ამის გარეშე ლუქს კლასი არ არსებობს.

 ალბათ ყურადღებას ორ ფაქტორზე გაამახვილებდით. ესენია ორი არანორმალურად დიდი მრავალფუნქციური მონიტორი (დიაგონალი 12.3 დუიმი!) და მინიმალური გადამრთველები. ამ უკანასკნელს სწორედ პირველი განაპირობებს - ცენტრალური მონიტორი სენსორულია და მასზე ნებისმიერი სასურველი ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. სხვათა შორის, ეს მონიტორი 156 ღილაკის და ჩამრთველის ფუნქციას ასრულებს! მომცრო პანელი ცოტა ქვემოთაცაა (იქ, სადაც ჩვეულებრივ, გადაცემათა შესაცვლელი ბერკეტია ხოლმე) მოთავსებული, რომელიც გასართობი კომპლექსის მართვის პულტია. კიდევ ორი დიდი ზომის მონიტორი წინა სავარძლების უკანაა მოთავსებული და ისინი უკანა მგზავრების გართობას ემსახურება.

 ორი სიტყვით ამ ყველაფრის აღწერა და დახასიათება შეუძლებელია, ისე კი მთელი ბროშურაც არ ეყოფა. რა თქმა უნდა, ლაპარაკიც არ ღირს იმაზე, რომ სალონი მაქსიმალურადაა დაცული ყველანაირი ხიფათისგან. იქ არის კომფორტის უმაღლესი დონე - ასე განსაჯეთ, უკანა სავარძლების ლოგინად გადაკეთების საშუალებაც კი გაქვთ. სხვათა შორის (ლოგინზე გაგვახსენდა), „მერსედეს-ბენცი“ გვპირდება, რომ ამ თაობის (S-კლასი თაობებს არ ითვლის) ავტომობილზე მალე მყიდველს ავტოპილოტსაც კი შესთავაზებენ!
ჰამბურგში ჩატარებულ პრეზენტაციაზე, შტუტგარტელებმა ახალი S-კლასის ძრავების მხოლოდ ის გამა გაგვაცნეს, რომელსაც ევროპელ მყიდველს შესთავაზებენ. ესენია: S400 ჰაიბრიდ, S500, S350 ბლიუტექ და S300 ბლიუტექ ჰაიბრიდ. პირველი ორი ვარიანტი ბენზინზე მუშაობს. პირველი 3.5-ლიტრიანი V6 ჰიბრიდია, რომელიც 302 ცხენის ძალას იძლევა და პლიუს 27 ცხენის ძალას ელექტროძრავისგან. მეორე ვარიანტში, ძრავია 4.7-ლიტრიანი V8, 448 ცხენის ძალით. ამ შემთხვევაში, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.8 წამი ჰყოფნის (!). დანარჩენი ორი ვარიანტი დიზელზე მუშაობს. S350 ვერსია 3.0-ლიტრიანი V6 ტურბო დზელის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი ყველაზე საინტერესო აგრეგატია.


S300 ბლიუტექ ჰაიბრიდ ვერსია აღჭურვილია ოთხცილინდრიანი (!) 2.1-ლიტრიანი ძრავით (204 ცხ.ძ), რომელსაც ზემოთ ნახსენები ელექტროძრავი ეხმარება, თავისი 27 ცხენის ძალით. ამ ვერსიას, მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ აქვს, ადგილიდან ასის ასაკრეფად კი 7.6 წამი სჭირდება. ამასთან, 100 კილომეტრს სულ რაღაც, 4.4 ლიტრი საწვავით გადის (!).


„დაიმლერის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა თომას ვებერმა განაცხადა, რომ მალე მყიდველს S500 პლაგ-ინ ჰაიბრიდსაც შესთავაზებენ, რომელიც კიდევ უფრო ეკონომიურია. მისი თქმით, ეს არის კომპანიის ისტორიაში პირველი ავტომობილი, რომლის ხარჯიც 4.0 ლიტრზე ნაკლებია!


ახალი S-კლასის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლეა მისი საკიდარი „მეჯიკ ბოდი კონტროლ“, რომელსაც თვალებიან საკიდარადაც მოიხსენიებენ. მასში შედის სტერეოსკოპული კამერა, რომელიც მანქანის წინ არსებული გზის საფარის მდგომარეობას აკონტროლებს და მისი ხარისხიდან გამომდინარე, საკიდარის სიხისტეს არეგულირებს. თანაც, ეს ყოველი საბურავისთვის ინდივიდუალურ რეჟიმში ხდება. ეს სისტემა მუშაობს, როდესაც მანქანის სიჩქარე 130 კმ/სთ-ს არ აღემატება. უფრო მეტზე ასეთი კონტროლი საჭირო არაა - უხარისხო გზაზე ამაზე მეტი სიჩქარით არავინ ივლის.


ამასთან, ახალი S-კლასის ყველა მოდიფიკაციაზე სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის ადაპტირებადი სისტემა, რომელიც ძარის გადახრებს გამორიცხავს. ტოპ ვერსიები კი აღჭურვილია პნევმატური საკიდარით, რომელიც მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას, ძარას დაბლა სწევს და ამგვარად, ჰაერისადმი წინააღმდეგობას ამცირებს. ცუდ გზებზე კი, მძღოლის მითითებით ძარა მაღლა აიწევა.


დაბოლოს ფასები: გერმანიაში საბაზო მოდიფიკაცია S350 ბლიუტექი 79 789.50 ევრო ღირს, ყველაზე მდიდრული S500 კი - 107 635.50 ევრო.

No comments:

Post a Comment