Sunday, May 5, 2013

კონცეპტი „სიტროენ DS უაილდ რუბისი“ - პრემიერა ჩინეთში


Citroen Shares Technical Details on DS Wild Rubis Concept
5 მაისი
„სიტროენმა“ შანჰაის მოტორ შოუზე კონცეპტუალური ქროსოვერი „DS უაილდ რუბისი“ წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას სიამაყით აცნობა, რომ ეს ავტომობილი, ნოვატორული ტექნოლოგიებით გამოირჩევა და მასში მომხიბლავ დიზაინთან, მართვის უნიკალური შესაძლებლობებია შერწყმული.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ „უაილდ რუბისი“ ჰიბრიდული ძალური დანადგარით არის აღჭურვილი. მასში შედის ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრეც 225 ცხენის ძალაა და ელექტრო ძრავი, რომელიც 70 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს უკანასკნელი უკანა ღერძზეა დამაგრებული და მარტოს შეუძლია მანქანის გადაადგილების უზრუნველყოფა. ოღონდ, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკში შენახული ენერგია მხოლოდ 50 კილომეტრის გასავლელად იქნება საკმარისი. ელემენტები საყოფაცხოვრებო ქსელიდან იმუხტება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი პლაგ-ინ ჰიბრიდულია.
იმავდროულად, „სიტროენი“ ირწმუნება, რომ ავტომობილი სპორტული დინამიკითაც გამოირჩევა და მინიმალურადაც აზარალებს გარემოს. ამის საილუსტრაციოდ, ფრანგულ კომპანიას ორი მონაცემი მოჰყავს: ჯამური სიმძლავრე 295 ცხენის ძალა და ყოველი კილომეტრის გავლისას გამოყოფილი 43 გრამი ნახშირორჟანგი.
ბენზინის ძრავი უკანა ბორბლებთან დაკავშირებული არაა და მხოლოდ წინებს ატრიალებს. სამაგიეროდ, ელექტრო ძრავი უკანა ბორბლებს ემსახურება. ჩვეულებრივ, ავტომობილი წინა ბორბლებით გადაადგილდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, საქმეში უკანა ბორბლებიც ერთვება. ამ დროს, ავტომობილი მცირე ხნით სრულამძრავიანი ხდება და როგორც კი ნორმალურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, მაშინვე ელექტრონიკა უკანა ბორბლებს თიშავს. თუ უგზოობის პირობებში გადაადგილება გიწევთ, მაშინ შესაძლებელია სრულამძრავიანი რეჟიმის ჩართვა.
რაც შეეხება დიზაინს, ის ფრანგული კომპანიის DS გამის შესაფერისია. თუმცა, უფრო აგრესიული გარეგნობა აქვს. საინტერესოა მისი წინა ფარები, რომლებსაც ერთგვარი C-ს ფორმა აქვს და მისი დღის განათების სეგმენტი, თხევადკრისტალური ელემენტებისგან შედგება. თუ მანქანას გვერდიდან შეხედავთ, აშკარად თვალში გეცემათ მისი სიგრძე (4.7 მეტრი), რასაც ხაზს უსვამს გრძელი კაპოტი და სახურავი, ასევე დაბალი ფანჯრები. ეს ყველაფერი, ავტომობილის ტემპერამენტს უსვამს ხაზს.

No comments:

Post a Comment