Wednesday, May 22, 2013

ალონსო მონაკოში „მერსედესის“ გამარჯვებას მოელის

Monaco GP: Fernando Alonso tips Mercedes for victory
22 მაისი

ფერნანდო ალონსო თვლის, რომ მონაკოს დიდ პრიზზე, „მერსედესი“ ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მართალია, ამ სეზონში გერმანული საჯინიბოს პილოტებს, სამი პოულის მიუხედავად, მესამე ადგილზე მაღლა ადგილი არ დაუკავებიათ, მაგრამ მონტე კარლოს ქუჩებში რბოლის სპეციფიკა და კვალიფიკაციაში კონკურენტუნარიანობა, მათ რეალურ შანსს აძლევს.

„ფერარის“ პილოტი ფიქრობს, რომ თუ „მერსედესის“ პილოტები ამჯერადაც შეძლებენ პოულის მოპოვებას, მაშინ მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება: „ვფიქრობ, „მერსედესი“ აქ ძლიერი იქნება. მათ ბოლო სამ რბოლაში პოულ პოზიცია ეკავათ და აქაც მათგან კარგ კვალიფიკაციას უნდა ველოდოთ. შარშანაც მათ აქ პოული ეკავათ, მაგრამ მიხაელს (შუმახერს) უკან დაწევამ მოუწია. ყველამ ვიცით, რომ აქ გასწრება ძალიან ძნელია. მოკლედ, თუ პოულს აიღებენ, ფავორიტებიც იქნებიან“.
ალონსო დასძენს, რომ სულაც არ აღელვებს, თუ „მერსედესი“ მის წინ დაასრულებს რბოლას. მთავარია, ტიტულის მთავარ მოცილეებზე მეტი ქულის მოპოვება შესძლოს. ესპანელი ამჟამად 17 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს და 13 ქულით - კიმი რაიკონენს.
„ჩვენ არ გვავიწყდება მთავარი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატი. ამ მომენტში, ჩემზე წინ ფეტელი და რაიკონენი არიან. თუ „მერსედესი“ ერთ რბოლას მოიგებს, ეს ბევრს არაფერს შეცვლის. მთავარია, რბოლა ფეტელზე და რაიკონენზე წინ  დავასრულო“, - დასძენს ალონსო, ვისაც ამ სეზონში ორი მოგება აქვს.
მართალია, ის ამბობს, რომ მთავარი ჩემპიონატია, მაგრამ ისიც არ ავიწყდება, რომ მონაკოში ბოლოს 2007 წელს მოიგო (მაკლარენით). სხვათა შორის, ერთი სეზონით ადრე, „რენოს“ ბოლიდითაც გაიმარჯვა. მასზე უარესად აქვს საქმე „ფერარის“, რომლის პილოტმაც ბოლოს მონაკოში გამარჯვება 12 წლის წინათ მოიპოვა.
კითხვაზე, ეს მოუგებელი სეზონები მას დამატებით მოტივაციას სძენს, თუ არა? ალონსო პასუხობს: „რა თქმა უნდა. ჩვენ გვინდა გამარჯვება, ამას ყოველთვის ვამბობთ. მაგრამ მონაკო სპეციალური რბოლაა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რბოლაა ჩემპიონატში. მე შემიძლია, გავხდე პირველი, ვინც სამი სხვადასხვა გუნდის მანქანით მოიგებს. ეს კი ჩემთვის მოტივაციის შესანიშნავი წყაროა“.

No comments:

Post a Comment