Thursday, May 9, 2013

სუპერ „გოლფი“, რომელზეც ყველა იოცნებებს

First Photos of VW's Design Vision GTI Concept, the Golf we'd All Want to Drive
9 მაისი

ახლახანს ეს ავტომობილი ესკიზების თანხლებით გაგაცანით. ახლა კი ის რეალურადაც ვიხილეთ. მართალია, კონცეპტ „გოლფ GTI W12-ვით“ რადიკალური გარეგნობით და აღჭურვილობით არ გამოირჩევა, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო „რეალურია“ და თუ ვოლფსბურგელი მარკეტოლოგები მის პერსპექტივებს თავიანთ დროს დაუთმობენ, ვინძლო „სახალხო ავტომობილების“ მწარმოებელს, კრავის ტყავში გამოწყობილი ასეთი მგლის წარმოება გადააწყვეტინონ.


რატომ? ამას „დიზაინ ვიჟნ GTI-ს“ მახასიათებლები გეტყვით: რა თქმა უნდა, მეშვიდე თაობის „გოლფის“ ბაზაზე შეიქმნა. ის აღჭურვილია ბენზინის 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავით, რომელმაც „გოლფ GTI-ს“ სტანდარტული 2.0-ლიტრიანი ძრავი შეცვალა. ამ უკანასკნელის ძრავი 217 ცხენის ძალაა, ახალი ძრავი კი 496 ცხენის ძალას და 560 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. და ამ მახასიათებლებს ძრავის 4000-6000 ბრუნის დიაპაზონში აღწევს.
კონცეპტუალური „დიზაინ ვიჟნ GTI“ სრულამძრავიანი DSG ტრანსმისიითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავს ორქურიანი გადაბმით უკავშირდება. „ფოლკსვაგენის“ ინფორმაციით, ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 299 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა კი 3.9 წამში შეუძლია. ასეთი მაჩვენებლების მიღწევაში, ავტომობილს 20-დუიმიანი ბორბლები ეხმარება, რომელთაგან წინები 235/35, უკანები კი 275/30 ზომის რეზინითაა შემოსილი. ავტომობილის დამუხრუჭებას კერამიკული მუხრუჭები ემსახურება. წინა ბორბლებზე 380-მილიმეტრიანი, უკანებზე კი 356-მილიმეტრიანი სამუხრუჭე დისკოები დგას.
შეცვლილია გაბარიტებიც. კონცეპტუალური ავტომობილის სიგრძე 4 253 მილიმეტრია, სიგან 1 870 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1385 მილიმეტრი. ამგვარად, ის სტანდარტულ „გოლფ GTI-ზე“ 15 მილიმეტრით მოკლე, 71 მილიმეტრით განიერი და 57 მილიმეტრით დაბალია.
ავტომობილი აგრესიული აეროდინამიკური ელემენტებით შეიმოსა. წინ ყურადღებას იქცევს მთელ სიგანეზე გაჭიმული სპლიტერი, ბამპერის კიდეებზე, ფარების ქვეშ არსებული ტიხრებიანი „ლაყუჩები“, წითელი წვრილი ზოლი რომელიც ემბლების გასწვრივ, ლაყუჩებამდე მიდის, ეფექტური ბორბლები, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის აგრესიულ სტილს. გვერდხედში მთავარი ელემენტი კარის ფოსოა, რომელიც უკან სახურავის მესამე, მძლავრ საყრდენამდე გრძელდება და გარდა იმისა, რომ მანქანას ელეგანტურსა და აგრესიულ იერს ანიჭებს, აეროდინამიკურ დანიშნულებასაც ასრულებს. უკან კი გარკვეულწილად, წინა ნაწილის დუბლირება ხდება, ყველაფერ ამას კი სახურავის უკანა კიდეში არსებული სპოილერი და ზორბა დიფუზორი ერთვის.
რაც მთავარია, „ფოლკსვაგენს“ არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რას უპირებს ამ ავტომობილს. ერთის თქმა შეიძლება - ეს ავტომობილი იმსახურებს იმას, რომ იშვიათად მაინც ვიხილოთ გზებზე.


ვიდეო

No comments:

Post a Comment