Wednesday, May 1, 2013

„მერსედესი“ მაისიდან ნახევარ შტატს ახალ მანქანაზე გადართავს

Mercedes F1 team to put half its workforce on 2014 car by May
1 მაისი
„მერსედესის“ მოტორსპორტის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ფ1-ის გუნდის საინჟინრო შტატის ნახევარი, მაისიდან ახალი მანქანისშესაქმნელად იმუშავებს. მომავალი სეზონისთვის, რეგლამენტი დიდ ცვლილებებს ითვალისწინებს, რის გამოც, ფორმულა ერთის გუნდებს, სრულიად ახალი სარბოლი ტექნიკის შექმნა მოუწევთ. რაც მთავარია, ატმოსფერული V8 ძრავების ნაცვლად, ისინი 1.6-ლიტრიან V6 აგრეგატებზე გადავლენ.
„ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალ მანქანაზე. მალე კი ამ საქმეზე ჩვენი შტატის გაცილებით მეტი თანამშრომელი იმუშავებს. მასში კი დადგება მომენტი, როდესაც ახალ მანქანაზე მომუშავე თანამშრომლების რიცხვი, ჩვენი შტატის ნახევარს გადასცდება“, - ფ1-ის ოფიციალური ვებგვერდის რეპორტიორთან საუბრისას განაცხადა ვოლფმა.
ის დარწმუნებულია, რომ მოწინავე გუნდების გარდა, ყველა დანარჩენი „მერსედესის“ მსგავსად მოიქცევა და ახალ მანქანაზე მუშაობას ადრევე დაიწყებს. რაც შეეხება ტიტულისთვის მებრძლებს, მათი ძრითადი ამოცანა, ახლანდელი მანქანის შემდგომი სრულყოფა იქნება, რათა თავიანთ პილოტებს, ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარონ.

თუმცა, ვოლფი იმასაც ამბობს, რომ ის არ აპირებს მიმდინარე სეზონისთვის ხაზის გადასმას: „ჩვენი მიზანია, რომ ჩემპიონატის ტოპ ოთხეულში ვიყოთ და პილოტების პირველ ოთხეულშიც გვყავდეს პილოტი“, - ამბობს ვოლფი, ვინც სამქიმიანების მოტორსპორტის შტოს შეფის პოსტზე ნორბერტ ჰაუგი შეცვალა.
ბრიქსუორტის ბაზაზე, „მერსედესი“ ახალ აგრეგატზე ინტენსიურად მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს სეზონი გერმანული საჯინიბოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მომავალი სეზონიდან ფ1-ში ახალი ერა იწყება კომპანიას სურს, რომ მას მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს.
„მერსედესისთვის“ მნიშვნელოვანი არაა ცალკეული გამარჯვებები. სამქიმიანებს ტოპ გუნდებს შორის ხანგრძლივად დამკვიდრების სურვილი აქვთ და ამ მიმართულებით, მეტად მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი ძრავის შექმნა. ფ1-სთვის მომავალი სეზონი გარდამავალი იქნება და ის სპორტის იმიჯს არაერთი წლით განსაზღვრავს. ამიტომ, გუნდს ამ ახალი ეპოქის ღირსეულად დაწყება სურს. და თუ ამას მიმდინარე სეზონის მიწურულის რბოლების შედეგები შეეწირება, დაე ასეც იყოს...

No comments:

Post a Comment