Monday, May 6, 2013

„უილიამსი“ ბარსელონაში წინსვლას მოელის


Williams expects to take a step forward in Europe
6 მაისი
„უილიამსში“ დარწმუნებულები არიან, რომ ევროპაში დაბრუნების შემდეგ, ისინი პრობლემების თანდათან მოგვარებას შეძლებენ, რაც მათს შედეგებსაც დაეტყობა. გროველებმა ეს სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს - ჯერ ქულა არც პასტორ მალდონადოს აქვს და არც ვალტერი ბოტასს.

გუნდის ინჟინრებმა ყურადღება FW34-ის გამოსაბოლქვის არეზე გაამახვილეს და ესპანეთის დიდ პრიზზე, რომელიც ამ უქმეებზე ბარსელონაში ჩატარდება, სწორედ გამოსაბოლქვების გარშემო შეცვლილ აეროდინამიკურ ელემენტებს გამოიყენებენ. მათ იმედი აქვთ, რომ სწორედ ბარსელონაში, სადაც მალდონადომ გასულ სეზონში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა, დაიწყება მათი პროგრესი.
მთავარი სარბოლო ინჟინერი ჩევი პუხოლარი ამბობს, რომ ბარსელონაში მათ მანქანაზე ბევრი სიახლე იქნება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რომელიც გუნდის უკლებლივ ყველა წევრისგან დიდ გარჯას მოითხოვს.
„ჩვენ ესპანეთისთვის ახალი პაკეტი მოვამზადეთ და ვფიქრობთ, რომ უკეთეს შედეგებს მივიღებთ. ოღონდ, ახლა არ ვიცით, რამდენად წინ წავიწევთ. წინა რბოლები ძალიან დაძაბული იყო. ყველა ტრეკი ერთმანეთისგან ძიერ განსხვავდებოდა. საბურავებზეც, რომლებსაც იქ ვიყენებდით, იგივეს ვიტყვი. ჩვენი პრობლემებიც კი განსხვავებული ხასიათის იყო. მიღებულ ინფორმაციას ანალიზი ჩავუტარეთ და ეს ყველაფერი, ბარსელონასთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. ევროპაში ბევრი რამ გაადვილდება. სხვა თუ არაფერი, ლოგისტიკაში შეღავათები გვექნება, ახლოსაა ჩვენი ბაზაც. ასე რომ, ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება“, - ამბობს პუხოლარი
მართალია, ის არ ელის გამოსაბოლქვის პრობლემების სწრაფ მოგვარებას, მაინც დარწმუნებულია, რომ ევროპიდან უკეთესი შედეგებია მოსალოდნელი. ამის საბაბს კი ის აძლევს, რომ წინა სიახლეებმა კარგად იმუშავა და ესპანეთის წინ მომზადებულმა სიახლეებმაც სიმულატორზე კარგი შედეგები აჩვენა. მთავარი კი ისაა, რომ ინჟინრებმა მანქანის განვითარების სწორი გზა აირჩიეს, რაც დროთა განმავლობაში, აუცილებლად გამოვლინდება.

No comments:

Post a Comment