Thursday, May 30, 2013

„უილიამსი“ „მერსედესის“ ძრავებზე გადადის

Williams to use Mercedes engines in 2014
30 მაისი
ფორმულა ერთის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდი „უილიამსი“ მომავალი სეზონიდან, „რენოს“ ძრავების ნაცვლად, თავის მანქანებზე „მერსედესის“ ტურბო V6 აგრეგატებს დააყენებს. მათი პარტნიორობა მრავალწლიანია, თუმცა კონკტერულად რამდენ სეზონს მოიცავს, ეს არ დაკონკრეტებულა.
როგორც ცნობილია, ახლახანს „მაკლარენმა“ ოფიციალურად მოაწერა ხელი „ჰონდასთან“ კონტრაქტს, რომლის ძრავების გამოყენებასაც 2015 წლის სეზონიდან დაიწყებს, მანამდე კი „მერსედესის“ აგრეგატების გამოყენებას გააგრძელებს. ამგვარად, მომავალ სეზონში სამქიმიანების ძრავებით ოთხი გუნდი ისარგებლებს. „მაკლარენის“ და „უილიამსის“ გარდა, ამ აგრეგატებს საკუთრივ „მერსედესის“ საჯინიბო და „ფორს ინდია“ გამოიყენებენ.
მუშტარი არც ფრანგულ კომპანიას მოაკლდება, რომელმაცახლახანს „ტორო როსოს“ სახით ახალი კლიენტი შეიძინა. „რედ ბულის“ იტალიურმა ფილიალმა უარი თქვა „ფერარის“ ძრავებით სარგებლობაზე. ამგვარად, რომბთა ბანაკში ისევ ოთხი საჯინიბოა: „რედ ბული“, „ტორო როსო“, „ლოტუსი“ და „კატერჰემი“. რაც შეეხება „ფერარის“, მის კლიენტად რჩება შვეიცარიული „ზაუბერი“ და ალბათ, მარანელოელთა ძრავებზე „მარუსია“ გადავა.
მომავალი სეზნიდან ფორმულა ერთი ატმოსფერული 2.4-ლიტრიანი V8 ძრავების გამოყენებას დაასრულებს და ტურბო ძრავებზე გადავა. ტურბო ძრავების მუშა მოცულობა 1.6 ლიტრი იქნება და მათ გაზრდილი სიმძლავრის სისტემა კერს-ი შეუწყვილდება. სხვათა შორის, „უილიამსი“ გერმანული კომპანიისგან მხოლოდ ძრავებს მიიღებს. კერს-ს და ტრანსმისიას კი კვლავაც საკუთარი წარმოებისას გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ ამ საუკუნეში, „მერსედესი“ ბრიტანული საჯინიბოსთვის ძრავების მეექვსე მიმწოდებელი გახდა. კონსტრუქტორთა ცხრა თასის მფლობელმა გუნდმა ჯერ „ბეემვეს“ ძრავებით დაიწყო (2000-2005), შემდეგ ერთი სეზონი (2006) „კოსუორტის“ ძრავებს იყენებდა, მორიგი სამი სეზონი (2007-2009) „ტოიოტას“ ძრავებზე იყო, ორი სეზონით (2010-2011) „კოსუორტს“ დაუბრუნდა, რის შემდეგაც ჯერ „რენოზე“ გადავიდა (2012-2013), ახლა კი - „მერსედესზე“.
სავარაუდოდ, ფრენკ უილიამსის საჯინიბოს სამქიმიანების ძრავები „რენოს“ (9 მილიონი ევრო) აგრეგატებზე ორჯერ ძვირი დაუჯდება. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურბო ძრავებს შორის ყველაზე ძვირი სწორედ რომბების აგრეგატები ეღირება. სხვათა შორის, ფრანგული კომპანია უკვე ზრუნავს იმაზე, რომ ძრავების გაიაფებას მიაღწიოს.

No comments:

Post a Comment