Wednesday, May 22, 2013

„ფორდი“ პრიორიტეტს ოთხცილინდრიან ძრავებს ანიჭებს

4-Cylinder Engines to be 66 Percent of Market by 2020, Says Ford
22 მაისი
„ფორდი“ ირწმუნება, რომ 2020 წლისთვის მის მიერ წარმოებული ავტომობილების 66 პროცენტი ოთხცილინდრიანი ძრავებით იქნება აღჭურვილი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სულ უფრო მკაცრდება მოთხოვნები ეკონომიურობასა და გამონაბოლქვში მავნე მინარევების შემცველობის შემცირებაზე. ბაზრის კვლევებზე სპეციალიზებულ კომპანია „პოლკის“ მონაცემებით, ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილების უკვე 53 პროცენტია აღჭურვილი ოთხცილინდრიანი ძრავებით.
იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ მცირელიტრაჟიან აგრეგატებს, „ფორდი“ ერთ-ერთი მოწინავეა. ცისფერი ოვალის საწარმოო პროგრამაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს სერია ეკობუსტის მცირელიტრაჟიანი ტურბო ძრავები (ფოტოზე). ისინი სულ უფრო ხშირად გვხვდება ისეთ ზორბა ავტომობილებზეც კი, როგორებიცაა „ტაურუსი“ და „ისკეიპი“. მალე კი ასეთ აგრეგატს უახლესი „მუსტანგიც“ მიიღებს.
სხვათა შორის, ანალოგიური ტენდენცია სხვა კომპანიებშიც შეინიშნება. კერძოდ, „ჯენერალ მოტორსს“ თავისი ყველაზე მასობრივი ბრენდი „შევროლე“ ოთხცილინდრიან ძრავებზე მასობრივად გადაჰყავს. ოღონდ, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ასეთ აგრეგატს მასკლ ქარ „კამაროსთვისაც“ თუ გაიმეტებს. იგივე ითქმის „ვოლვოზეც“, რომელმაც V8 ძრავებს ომი გამოუცხადა და ასე განსაჯეთ, აგრეგატების მინიმიზაციის გამო, უმაღლესი კლასის სედანების წარმოებაზეც კი ამბობს უარს.
იმ დროს, როდესაც ქროსოვერების უმეტესობის გამაში ოთხცილინდრიანი ძრავები უკვე ფიგურირებს, ჯერაც შეუვალია პიკაპების სეგმენტი, სადაც დიდი ზომის აგრეგატები პრიორიტეტულია. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ სეგმენტისთვის ოთხცილინდრიანი ძრავების ჯერაც მიუღებელი იქნება. სამაგიეროდ, ამ ტიპის ავტომობილებზე დამკვიდრების უკეთესი შანსი ჰიბრიდულ სისტემებს აქვს, რომლებშიც წამყვან ადგილს სწორედ ოთხცილინდრიანი ძრავები შეასრულებს.

No comments:

Post a Comment