Thursday, May 30, 2013

„ფორდი“ უგზოობის „ეკოსპორტს“ 62 ქვეყანაში გაჰყიდის

Ford to Sell the EcoSport SUV in 62 Countries
30 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ უახლეს უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილ „ეკოსპორტს“, რომელიც ბაზარზე მალე გამოვა, 62 ქვეყანაში გაჰყიდის. თუმცა, ამ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა ამერიკა, სადაც უგზოობის ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დეტროიტ ნიუსის ინფორმაციით, „ფორდის“ გლობალური მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის დეპარტამენტის შეფმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ კომპანია სწავლობს ამ ავტომობილის ამერიკის ბაზარზე შეტანის მიზანშეწონილობას. თუმცა დასძენს, ამ ეტაპზე, იქაური ბაზარი არაა უგზოობის პატარა ავტომობილისთვის მზად და ეს ვერ იძლევა იძლევა იმის გარანტიას, რომ ამერიკულ ბაზარზე „ეკოსპორტი“ მოგების მომტანი იქნება.
ფარლი დასძენს, რომ თუ ამერიკაში უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, მაშინ აზრი ექნება „ეკობუსტის“ ადგილზე წარმოებას, ან თუნდაც იმპორტით შეტანას. მაგრამ სანამ ამ მანქანას ამერიკაში შეიტანს, „ფორდი“ მთელი ყურადღებას განვითარებადი ქვეყნების - ბრაზილიის, ინდოეთის და რა თქმა უნდა, ჩინეთის, ბაზრებზე გადაიტანს, რომლებიც ამ ავტომობილის გაყიდვების მთავარი არეალი უნდა იყოს.
სხვათა შორის, ცისფერი ოვალი ამერიკაში უკვე ჰყიდის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ფიესტას“, რომლის პლატფორმაზეცაა შექმნილი „ეკოსპორტი“. თუმცა უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილების ამერიკული ბაზარი ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს - ამ სეგმენტში სულ რამდენიმე ავტომობილი - „ნისან ჯუკი“, „მინი ქანთრიმენი“ და „ბიუიკ ენქორი“ (ოპელ მოკას ამერიკული ანალოგი) იყიდება, ეს კი ამინდს ვერ ქმნის.
შეგახსენებთ, რომ „ეკოსპორტი“ მთლიანად „ფორდის“ ბრაზილიურ ცენტრშია შემუშავებული. ევროპაში მას მყიდველს სამი ძრავით შესთავაზებენ. მათგან ორი ბენზინისაა და ერთიც - დიზელის. დზელის აგრეგატი 1.5-ლიტრიანია და ის 89 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ბენზინის ძრავებიდანაც, ერთი 1.5-ლიტრიანი ატმოსფერულია და მისი სიმძლავრე 109 ცხენის ძალაა. რაც შეეხება მესამე ძრავს, ესაა 1.0-ლიტრიანი ტურბო კომპრესორიანი ეკობუსტი, რომლის სიმძლავრეც 123 ცხენის ძალას აღწევს.

No comments:

Post a Comment