Saturday, April 6, 2013

სედანი CTS - „კადილაკის“ ახალი ფლაგმანი

2014 Cadillac CTS Detailed, New Vsport gets 420HP Twin-Turbo V6
6 აპრილი
„კადილაკს“ რამდენიმე წლის განმავლობაში, სერიოზული კრიზისი ჰქონდა. მაგრამ „ჯენერალ მოტორსის“ ლუქს ბრენდს მისი დაძლევის ეფექტური გზა აქვს არჩეული, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიუ იორკის ავტო შოუზე, სადაც მესამე თაობის საშუალო ზომის სედანი CTS წარადგინა. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ ამ ავტომობილს წარმატებული მომავალი უწინასწარმეტყველა.
წინამორბედთან შედარებით, ახალი CTS დაგრძელებული ბაზით გამოირჩევა, რისი წყალობითაც, სალონში მეტი ადგილი გაჩნდა. ამასთან, მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენებამ, ავტომობილის წონის კლებაც გამოიწვია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ავტომობილს აქვს ელეგანტური სტილი და მის აღჭურვილობაში, ეფექტური ძრავების გამა შედის. და, პირველად ამ სახელის გამოყენებიდან (2002 წლიდან), CTS ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა „აუდი A6“, მე-5 სერიის „ბეემვე“, „მერსედეს-ბენცის“ E-კლასი და „იაგუარის“ XF.
ახალი CTS წინამორბედთან შედარებით, 127 მილიმეტრით, 4966 მილიმეტრამდე დაგრძელდა. ბორბლებს შორის ბაზა 31 მილიმეტრით, 2911 მილიმეტრამდე გაიზარდა. სამაგიეროდ, 9 მილიმეტრით, 1833 მილიმეტრამდე შევიწროვდა სიგანე და 19 მილიმეტრით, 1454 მილიმეტრამდე შემცირდა სიმაღლე. ამ ბოლო პარამეტრის წყალობით, ავტომობილმა უფრო აგრესიული გამომეტყველება მიიღო. საბარგულის მოცულობა 388 ლიტრია, საწვავის ავზის მოცულობა კი - 72 ლიტრი.
ახალი CTS ელეგანტური სტილით გამოირჩევა, თუმცა მისი უკანა ნაწილი შეიძლება ზედმეტად სადად მოგეჩვენოთ. წინ მას რადიატორის ცხაური გამოარჩევს, რომელიც „კაიდლაკის“ სტილშია შესრულებული და თუ კარგად დააკვირდებით, ის და ფსევდობამპერი, კაპოტის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. ასევე საინტერესო გადაწყვეტაა წინა ფარებთან და მუხრუჭების ჰაერის ამღებ „ლაყუჩებთან“ დაკავშირებით. ყურადღებას მათი დაკუთხული ფორმები იქცევს. მთავარი ფარი და მოხვევის ციმციმა ერთ სტრუქტურას წარმოადგენს, ციმციმას ქვედა გაგრძელებაზე კი გაბარიტული ფარები მოთავსდა. ციმციმას ფარები წინა ფრთებზე საკმაოდ შორს გადადის. უკან, ერთგვარი სიმეტრიულობის დაცვით, ცენტრალური, საკმაოდ მოზრდილი ადგილი, სანომრე ნიშამ დაიკავა, რომელიც რადიატორის ფორმას იმეორებს. მის ქვეშ ზორბა ბამპერია, რომლის ორივე კიდის თავზეც უკანა ფარები განლაგდა.

სალონი „კადლაკის“ კორპორატიულ სტილშია (ATS-ის და SRX-ის მსგავსად) შესრულებული. დტროიტული გიგანტი ირწმუნება, რომ ინტერიერში ბევრი ხელნაკეთი დეტალია გამოყენებული. მაღალი ხარისხის მასალებთან ერთად, ეს განსაკუთრებულად მდიდრულ გარემოს ქმნის. რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზეა უსაფრთხოება. ინფოტაინმენტ სისტემას 8-დუიმიანი მონიტორი ემსახურება. მყიდველს ოპციის სახით, 12.3-დუიმიან სენსორულ მონიტორს შესთავაზებენ.
გარდა ამისა, „კადილაკ CTS“ ასევე აღჭურვილია 20 მიმართულებით რეგულირებადი წინა სავარძლებით, საჭის რგოლის გამათბობლით, წინა სავარძლების გამათბობლით და ვენტილაციით, სახელთათმანო ყუთის ელექტრონული ჩამკეტით, პარკირების ელექტრონული დამხმარე სისტემით, შორიდან დაქოქვის სისტემით, რომელიც ასევე კლიმატ კონტროლსაც ააქტიურებს, „ბოსეს“ წარმოების სისტემით, რომელშიც 11 დინამიკი შედის.


„კადილაკი“ CTS-ის მყიდველს სალონის რვა სტილში გაფორმებას სთავაზობს. გასაფორმებლად კი ტყავის, ხის და ალუმინის გარდა, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ დეტალებსაც იყენებენ. უსაფრთხოებას 10 აირბალიში ემსახურება. დამხმარე სისტემებს შორისაა წინა და უკანა ბორბლების ავტომატურად დამუხრუჭების სისტემა, რომელიც მოკლე მანძილზე მოქმედ რადარულ და ულტრაბგერით სენსორებს იყენებს.
ახალი CTS გაზრდილი კია, მაგრამ მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების წყალობით, რომელთა შორისაა ალუმინისგან დამზადებული კარის სტრუქტურები, საკიდარში ალუმინის კომპონენტები, მანქანის წონა 90 კილოგრამითაა შემცირებული. საბაზო ვერსია 1640 კილოგრამს იწონის, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. ეს წონა წინა და უკანა ბორბლებს შორის თითქმის თანაბრად განაწილებული.


ახალი სედანის აღჭურვილობაში ჯერ მხოლოდ ბენზინის სამი ძრავი შედის. მათგან ორი CTS-სთვის სრულიად ახალია. საბაზო ვერსია აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის. მეორე ძრავია 3.6-ლიტრიანი ატმოსფერული V6, რომელსაც ამ ავტომობილზე ადრეც იყენებდნენ. მისი სიმძლავრე 321 ცხენის ძალაა. უკანაამძრავიანი ვერსიისთვის, მასთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, სრულამძრავიანის შემთხვევაში კი - 6-საფეხურიანი ავტომატი.


CTS-ის ტოპ ვერსია ჯერჯერობით მხოლოდ უკანაამძრავიანია. მის კაპოტქვეშ სრულიად ახალი, 3.6-ლიტრიანი V6 დგას, რომელიც 420 ცხენის ძალას და 583 ნიუტონმეტრს იძლევა. მას 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია უკავშირდება, რომლის საფეხურებსაც საჭის რგოლთან მოთავსებული ბერკეტები ცვლის. ამ ავტომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 4.6 წამი ჰყოფნის.
CTS-ზე პირველად გამოიყენეს საკიდარის მაგნიტურბალიშებიანი დრეკადი ელემენტი, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. რაც მთავარია, მისი მახასიათებლები, საგზაო პირობების შესაბამისად თვითრეგულირდება. ზოგიერთი ვერსია ასევე რადიატორის ავტომატური ჩამკეტით აღიჭურვება, რაც მანქანის აეროდინამიკას აუმჯობესებს და მაგისტრალზე მოძრაობისას, საწვავს ზოგავს.
ახალი CTS-ის წარმოებას „ჯენერალ მოტორსის“ ლენსინგის (შტატი მიჩიგანი) ქარხანა შემოდგომაზე დაიწყებს და მაშინვე ის ამერიკულ ბაზარზეც გამოჩნდება. „კადილაკის“ გლობალიზაციიდან გამომდინარე, ამ ავტომობილს გენერლები სხვა ბაზრებზეც გაიტანენ.

No comments:

Post a Comment