Sunday, April 21, 2013

ბატონი: პერესი ძალიან აგრესიული იყო


Perez was “too aggressive”, says Button
21 აპრილი
ჯენსონ ბატონი ამბობს, რომ ბაჰრეინის რბოლის დროს, თანაგუნდელი სერხიო პერესი მასთან მეტისმეტად აგრესიული იყო. ერთ მომენტში, პერესი ბატონს უკნიდან ოდნავ შეეჯახა, შემდეგ კი ბრიტანელმა აღარ დაუთმო გზა, როდესაც პერესი გასწრებას ლამობდა და მექსიკელს ტრასის მიღმა გავლამ მოუწია. ბატონმა რადიოთი შესჩივლა გუნდს: „ის უკნიდან დამეჯახა, ცოტა დაამშვიდეთ“, მოგვიანებით კი: „ის ჩემზე წამოვიდა და ბორბლებით დავეჯახეთ“...


„რადიოში ძალიან ხმამაღლა ვყვიროდი. ემოციების მოზღვავება მქონდა, მაგრამ ახლაც იგივეს ვიტყოდი. საერთო ჯამში, რბოლა კარგი იყო და ძალიანაც ვისიამოვნე, თუმცა ჩემი შედეგით კმაყოფილი არ ვარ. მანქანის ჩაჭიდებამ ძალიან მაწვალა და საბურავებიც მუდმივად გადახურებული მქონდა, როგორც ეს ჩეკოს სჩვევია. რბოლა კარგი იყო, მაგრამ ჩეკომ გამაწამა. ის ძალიან აგრესიული იყო. როდესაც სიჩქარე 300 კმ/სთ-ია, თანაგუნდელი ასეთ მკვეთრ მანევრებს არ უნდა ასრულებდეს, რაც ბორბლების გაკვრით მთავრდება. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვფიქრობ, მისი აგრესიულობით უკმაყოფილო მარტო მე არ ვარ“, - ამბობს ბატონი.
პერესმა აღიარა, რომ ბატონთან დაძაბული ბრძოლის გამო, ორივემ ბევრი დრო დაკარგა: „ეს ის შემთხვევაა, რომელიც მე და ჯენსონმა ერთი-ერთზე უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, ისევე აგრესიული ვიყავი, როგორც ის იყო ჩემს მიმართ. ალბათ მას ცოტა მეტიც მოუვიდა. რეალური იყო შანსი იმისა, რომ რბოლა ვერცერთს ვერ დაგვესრულებინა. მოკლედ, უნდა ვილაპარაკოთ და შემდეგი რბოლებისთვის განვეწყოთ“. საბოლოოდ, პერესი თავისი მეექვსე ადგილით კმაყოფილია.
„მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშს თავისი პილოტების ურთიერთ ბრძოლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა ისიც აღიარა, რომ მათმა შეჯახებამ ძალიან ანერვიულა. „ურთიერთბრძოლამ ბევრი დრო დაგვაკარგვინა. ჩეკოს ვუთხარი, რომ ჩვენს მრბოლებს ყოველთვის თავისუფლებას ვანიჭებთ, მაგრამ თანაგუნდელს არ უნდა დაეჯახო. ვუთხარი, რომ წინა ფრთის ვერტიკალური ფირფიტით, ბორბლის დაზიანება შეიძლება. რა თქმა უნდა, ფრთაც გატყდება და ორივენი წააგებენ. ასე რომ, ეს ზღვარზე მეტი იყო და ეს სასურველი არაა. რაც შეეხება დანარჩენს, ამის ცქერა ჩვენთვისაც საინტერესო იყო“.

No comments:

Post a Comment