Tuesday, April 23, 2013

„ჯენერალ მოტორსი“ ჩინეთში წარმოებულ ავტომობილებს აშშ-ში შეიტანს

General Motors May Sell Chinese-Built Cars in the USA
23 აპრილი

თანამედროვე ჩინურ ავტომობილებს, ისევე როგორც ამ ქვეყნის ბევრ სხვა სახის პროდუქციას, დაბალი ხარისხის გამო, ავტორიტეტი არ აქვს. ჩინელებს ხარისხიანი ავტომობილების წარმოების მცირე გამოცდილება აქვთ. თანაც, ქრეშ ტესტებზე ძალიან ცუდ შედეგებს ღებულობენ. შესაბამისად, ცისქვეშეთის ავტომობილებს, ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იშვიათად ყიდულობენ.
მეორე მხრივ, ჩინური კომპანიები ავტომობილებს უცხხოელებთან პარტნიორობითაც აწარმოებენ. შესაბამისად, ასეთი ავტომობილების ხარისხიც მაღალია. თუმცა, მათი უმეტესობა ჩინეთშივე იყიდება. რადგან უცხოელებს ადგილობრივი ბაზრის ათვისება უფრო აინტერესებთ, ვიდრე იქ გამოშვებული ავტომობილების გატანა. თუმცა, მალე ეს მიდგომაც შეიცვლება და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „ჯენერალ მოტორსია“.
ამერიკული კომპანია არ მალავს, რომ შესაძლოა, ჩინეთში პარტნიორებთან ერთად გამოშვებული ავტომობილები მალე უცხოეთში, მათ შორის, ამერიკაშიც შეიტანოს.
ამ ეტაპზე, „ჯენერალ მოტორსი“ ჩინეთში ოთხი ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. პარალელურად, სადილერო ქსელი 5100-მდე გაიზრდება (ახლანდელი 3800-დან).
გენერლები წელს ჩინეთიდან 100 000-დან 130 000-მდე ავტომობილის ექსპორტს გეგმავენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ექსპორტი თანდათან მნიშვნელოვნად გაიზრდება. უფრო მეტიც, შორს არც ის დროა, როდესაც ჩინური ავტომობილები, გენერლების ამერიკულ შოურუმებშიც გამოჩნდება.
ეს ინფორმაცია „ჯენერალ მოტორსის“ ჩინური შტოს პრეზიდენტმა ბობ სოჩიამ შანჰაიში გაავრცელა. მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი კომპანიის კონკრეტულ გეგმებზე არ ისაუბრებს, თუმცა დაადასტურა, რომ მალე დაიწყება ამერიკული კომპანიის მიერ ჩინეთში გამოშვებული ავტომობილების ამერიკაში ექსპორტი. „ვერ ვხედავ მიზეზებს, რომელთა გამოც, ჩინეთში ჩვენს მიერ წარმოებული ავტომობილები ამერიკაში არ უნდა შევიტანოთ“, - დასძენს სოჩია.
თუმცა, ამის მიუხედავად, ეს ინფორმაცია მაინც ოფიციალური ჯერ არაა. და არც კონკრეტულ გეგმებზეა საუბარი. უცნობია ბრენდი, რომლის ავტომობილებსაც ამერიკაში გაიტანენ. დიდი ალბათობით შეიძლება თქმა, რომ ეს „ბიუიკი“ იქნება, რომელიც თავის დროზე, გაუქმებისგან სწორედ ჩინურ ბაზარზე პოპულარობამ იხსნა.

No comments:

Post a Comment