Tuesday, April 9, 2013

„ვოლვომ“ დიზელებისთვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა

Volvo Launches Revolutionary Diesel Injection Technology
9 აპრილი
ავტოინდუსტრიაში თანდათან იკიდებს ფეხს ელექტრომობილები. ელექტროძრავი კი მალე ალბათ შიდაწვის ძრავებს გამოდევნის. მაგრამ ამის მიუხედავად, ავტომწარმოებლები არ წყვეტენ ამ უკანასკნელის განვითარებაზე ზრუნვას. და შიდაწვის ძრავების ეფექტურობამაც არნახულ ზღვარს მიაღწია. ამ მიმართულებით, მალე „ვოლვო“ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს - შვედურმა კომპანიამ დიზელის ძრავებისთვის ახალი ტექნოლოგია, სახელწოდბით „i-ART“ შეიმუშავა, რომელსაც პირველად სერია VEA-ს (ვოლვო ინჯაინ არქიტექჩა) დიზელის ძრავებზე, შემოდგომაზე გამოიყენებს.

ახალ სისტემას ორი თავისებურება აქვს. ჯერ ერთი, მასში საწვავი წვის კამერებს გაცილებით მაღალი წნევით მიეწოდება. მეორეც, სისტემა ყოველი ცილინდრის ფრქვევანაში საწვავის მიწოდების წნევას ცალკე აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში, მას არეგულირებს. ამ საქმეს მიკროკომპიუტერი უძღვება, რომელიც ყოველ ფრქვევანასთან დაკავშირებული სენსორებისგან მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს და ამის შესაბამისად გზავნის მითითებებს. აღსანიშნავია, რომ დიზელის თანამედროვე ძრავებში, ყველა ფრქვევანაში საწვავი ერთნაირი წნევით მიეწოდება.
„ვოლვოს“ განცხადებით, ახალი ტიპის ძრავებში, საწვავის მიწოდების წნევა 2500 ბარამდე გაიზარდა, რამაც ფრქვევანების გაცილებით მაღალი ხარისხით დამუშავება მოითხოვა. მთელი ამ სიახლეების შედეგი ისაა, რომ შესაძლებელი გახდა ცილინდრების რიცხვის და ძრავის ლიტრაჟის შემცირება. ამასთან, იზრდება სიმძლავრე და მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა.
„ვოლვო“ ირწმუნება, რომ მსგავსი სისტემის გამოყენება ბენზინის ძრავებშიც შესაძლებელი იქნება. შვედური კომპანიის განცხადებით, ყველა სიკეთესთან ერთად, გაიზრდება ძრავების საექსპლუატაციო რესურსი. ამას შემდეგი ფაქტი განაპირობებს: ახალი ტექნოლოგიის დახმარებით, ცილინდრებში წვის შედეგად მიღებული წნევა გათანაბრდება და შესაბამისად, ისინი მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმს უფრო თანაბარ მაბრუნ მომენტს მიანიჭებენ. ეს კი ნიშნავს, რომ მუხლა ლილვის საყრდენ ყელებზე თანაბარი დატვირთვა გადავა, რაც მის საექსპლუატაციო დროს გაზრდის.
გარდა ამისა, მუხლა ლილვზე ნაკლები ბალასტი იქნება საჭირო რხევების დასაბალანსებლად. ესეც ძრავის სიცოცხლისუნარიანობას გაზრდის. დაკიდევ, ბალასტის შემცირებით, ძრავის და მქნევარას (პატარა ძრავებზე) წონაც შემცირდება. სახეზეა უამრავი უპირატესობა, რომლებსაც შიდაწვის ძრავებს ახალი ტექნოლოგია მოუტანს.
ყველა სიკეთესთან ერთად, „ვოლვო“ მალე 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის წარმოებასაც დაიწყებს, რომლის დახმარებითაც, ავტომობილების საწვავის ხარჯი კიდევ უფრო შემცირდება. ახალი i-ART ტექნოლოგიის დახმარებით კი შესაძლებელი იქნება ოთხცილინდრიანი ძრავებით V6 და რიგ შემთხვევებში, V8 ძრავების ჩანაცვლებაც კი.

No comments:

Post a Comment