Friday, April 5, 2013

გენერლები ახალ, ეფექტურ ელექტრომობილზე მუშაობენ

GM Reportedly Working on EV With 200-Mile Range
5 აპრილი
„ჯენერალ მოტორსმა“ 1990-იან წლებში პირველმა დაიწყო ელექტრომობილებზე მუშაობა, თუმცა „მწვანე მოძრაობაში“ შემდეგ პირველობა სხვებს დაუთმო. მოგვიანებით კი ბაზარზე სერიული პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „შევროლე ვოლტი“ გამოუშვა, რომელზეც ერთდროულად, დიდ იმედებსაც ამყარებდა და რომლის პერსპექტივასთან დაკავშირებითაც, მისსავე მარკეტოლოგებს საფუძვლიანი ეჭვი გააჩნდათ.
ეჭვის მიზეზი, მაღალი ფასი და აქედან გამომდინარე სავარაუდო მცირე გაყიდვები იყო. იყო იმის შიშიც, რომ „ვოლტს“ სერიოზული კონკურენცია შეხვდებოდა მასზე დაბალი ფასის მქონე „ნისან ლიფისგან“, რომელიც სუფთა ელექტრომობილია და სვლის სიშორის გასაზრდელად შიდაწვის ძრავს არ იყენებს.
მაგრამ შიში არ გამართლდა - „შევროლე ვოლტი“ საკმაოდ კარგად იყიდება და ამ მხრივ, „ნისან ლიფს“ სჯობნის კიდეც. და რაც მთავარია, კომპანია მყიდველისგან კარგ გამოხმაურებებს ღებულობს. და მაინც, „ჯენერალ მოტორსში“ მიაჩნიათ, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ასეთი ძვირი ტექნოლოგიები, პირველად კომპაქტურ ავტომობილზე გამოიყენეს და არა უგზოობის ავტომობილებზე, ან საშუალო კლასის სედანებზე, რომელთა ფასიც, უფრო აიტანდა ასეთ გარდატეხას. კრიტიკოსთა შორისაა „ჯენერალ მოტორსის“ ყოფილი შეფი ბობ ლუცი, რომელიც თვლის, რომ სისტემა „ვოლტეკ“ პირველ რიგში, ქროსოვერზე უნდა გამოეყენებინათ.
მაგრამ ინდუსტრიის მოთხოვნის პარალელურად, შესაბამისი ტექნოლოგიები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც ფასის შემცირების და საექსპლუატაციო მახასიათებლების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას, „ჯენერალ მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა დენ აკერსონმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ ეტაპზე ორი მიმართულებით მუშაობს, რისი მიზანიც ისაა, რომ საბოლოოდ იმ ტექნოლოგიაზე შეჩერდეს არჩევანი, რომელიც უფრო პერსპექტიული იქნება.
ლაპარაკია ორ ელექტრომობილზე, რომელთაგან ერთს ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრის გავლის უნარი ექნება, მეორის სვლის სიშორე კი ამაზე ორჯერ მეტი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, მეორე ვარიანტი უფრო მიმზიდველად მოჩანს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასე ავტომობილი გაცილებით ძვირი ეღირება. მეორე მხრივ, „შევროლე ვოლტის“ მფლობელთა გამოკითხვები უჩვენებს, რომ მათი უმეტესობა მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯზე გადაადგილდება და პრაქტიკულად არ იყენებს შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემს. არადა, მათ გარეშე, „ვოლტი“ გაცილებით იაფი ეღირებოდა...
აკერსონს ამ ორი ავტომობილის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, მაგრამ განაცხადა, რომ ავტომობილის (ყველანაირის) წონის 10 პროცენტით შემცირებას, ენერგიის მოხმარების 6.5 პროცენტით შემცირება შეუძლია. მანვე დასძინა, რომ გენერლებს თავიანთი ავტომობილების წონის საშუალოდ 15 პროცენტით შემცირება აქვთ დაგეგმილი.

No comments:

Post a Comment