Saturday, April 20, 2013

„მისტრა“ – „ჰიუნდაი“ მხოლოდ ჩინეთისთვის

Hyundai Previews China-Exclusive Model Called Mistra at Shanghai Auto Show
20 აპრილი
„ჰიუნდაის“ ჩინურ ბაზარზე მოწინავე ავტომწარმოებელთა სიაში ყოფნა სურს და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ახლახანს, შანჰაიში გახსნილ საავტომობილო გამოფენა ავტო ჩაინაზე გადადგა. კორეულმა კომპანიამ იქ მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის შექმნილი მოდელი „მისტრა“ წარადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ „მისტრა“ კონცეპტუალური ავტომობილია, ის ისე გამოიყურება, როგორც სერიული. „ჰიუნდაის“ ჩინურ გამაში, ის სედან „სონატასა“ და სედან „ელანტრას“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს. „მისტრას“ ადგილობრივი კომპანია „ბეიძინ ჰიუნდაი მოტორი“ გამოუშვებს, ჩინურ-კორეული კომპანია, რომელიც „ჰიუნდაიმ“ ათი წლის წინ შეიმუშავა.

„მისტრა“ საშუალო ზომის სედანია, რომლის სიგრძეც 4 710 მილიმეტრია, სიგანე 1 820 მილიმეტრი, სიმაღლე 1 470 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 770 მილიმეტრი. ავტომობილი ალუმინის 19-დუიმიან ბორბლებზე დგას და თხევადკრისტალური გაბარიტული ფარებითაა აღჭურვილი.
კონცეპტუალური ავტომობილი, „ჰიუნდაის“ კვლევისა და განვითარების კორეულ ცენტრში შეიმუშავეს და საქმეში, „ბეიძინ ჰიუნდაის“ ტექნიკური ცენტრის სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულნი. კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილით, ჩინელი მომხმარებლის გულებს დაიპყრობს.
სხვათა შორის, „მისტრას“ გარეგნობა, რომელიც ჩინური ბაზრის შესაბამისადაა შემუშავებული, მიუთითებს, რომ ცისქვეშეთში ჯერაც კონსერვატიულ სტილს ამჯობინებენ. კორეული კომპანიის დიზაინერებს სურდათ, რომ ავტომობილი „ჰიუნდაის“ კორპორატიული სტილის (თხიერი სკულპტურა) შესაბამისად შეექმნათ, მაგრამ მარკეტოლოგთა გამოკვლევამ აჩვენა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ არჩევანს კონსერვატიულ სტილზე შეაჩერებდნენ. ასეც მოხდა...

No comments:

Post a Comment