Friday, April 12, 2013

ახალი 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი „ფიუჟნისა“ და „მონდეოსთვის“


Ford Confirms 1.5L EcoBoost for 2014 Fusion and Mondeo
12 აპრილი
ოღონდ, ოთხცილინდრიანი და არა სამიანი, როგორც ადრე ვებგვერდი „ფორდ ინსაიდნიუსი“ გავრცელებული ინფორმაცია გვატყობინებდა. ახალი ძრავის წარმოებას ამერიკული კომპანია თავის რუმინულ ქარხანაში (რომელიც ქალაქ კრაიოვაში მდებარეობს), აპრილის ბოლოს დაიწყებს. ამავე ქარხანაში ცისფერი ოვალი 1.0-ლიტრიან სამცილინდრიან ეკობუსტს და მინივენ „B-მაქსსაც“ აწარმოებს. მომავალში, ოთხცილინდრიან 1.5-ლიტრიან ეკობუსტს „ფორდი“ სხვა ქარხნებშიც გამოუშვებს.

ადრე გამოქვეყნებული რელიზით, ამერიკული კომპანია გვატყობინებდა, რომ ეს ძრავი, რომლითაც ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი „მონდეო“ აღიჭურვება, 177 ცხენის ძალას (6000 ბრ/წთ-ზე) და 240 ნიუტონმეტრს (1500-4500 ბრ/წთ დიაპაზონში) ავითარებს. „ფორდი“ აცხადებს, რომ ბენზინის ახალ ძრავს დაახლოებით იგივე მახასიათებლები აქვს, როგორიც ახლანდელ 1.6-ლიტრიან ეკობუსტს. სამაგიეროდ, მასზე ეკონომიურიცაა და უფრო სუფთა გამონაბოლქვიც აქვს. ცნობისათვის, ამ უკანასკნელის სიმძლავრე 178 ცხენის ძალა, მაქსიმალური მომენტი კი 250 ნიუტონმეტრია.
„ფორდი“ დასძენს, რომ ახალი ძრავის ბლოკი ალუმინისაა და მასში რამდენიმე უახლესი ტექნოლოგიაა გამოყენებული, რომელთა წყალობითაც, 1.0-ლიტრიანმა ეკობუსტმა წლის ძრავის წოდება მოიპოვა. ასეთია ბლოკის სტრუქტურაში ინტეგრირებული გამოსაბოლქვი კოლექტორი. 1.5-ლიტრიანი ეკობუსტი „ფორდის“ პირველი ძრავია, რომელზეც კომპიუტერით კონტროლირებადი, ქუროსთან ღვედით დაკავშირებული წყლის ტუმბო გამოიყენა. კომპანიის განცხადბით, ეს სისტემა ძრავის გახურების დროს ამცირებს.
ახალი აგრეგატის კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ის ცისფერი ოვალის პოზიციებს იმ ბაზრებზე გაამყარებს, სადაც დიდლიტრაჟიან ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე დიდი გადასახადებია და ამის გამო, მყიდველი მცირელიტრაჟიან ძრავებს ამჯობინებს.
ეს სერია ეკობუსტის ოჯახის მეხუთე წევრია და პირველი, რომლითაც ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილი აღიჭურვება. იმავე ძრავს მალე ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ „ფიუჟნსა“ და ევროპული ბაზრის „მონდეოზეც“ დააყენებენ.

No comments:

Post a Comment