Friday, March 15, 2013

„მაზერატი MC სტრადალე“ და „კვატროპორტე“ ჟენევაში

Maserati's New 4-Seater GT MC Stradale and Quattroporte Are an Exercise in Style
15 მარტი
ჟენევის 83-ე მოტორ შოუზე, „მაზერატის“ ახალი ოთხადგილიანი გრან ტურიზმოს კლასის ავტომობილის, „MC სტრადალეს“ მსოფლიო პრემიერა და შემდეგი თაობის სედან „კვატროპორტეს“ ევროპული პრემიერა შედგა. ეს უკანასკნელი იტალიურმა ლუქს ბრენდმა პირველად დტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა, სადაც მისი მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

წინა „MC სტრადალე“ თუ ორკარიანი და ორადგილიანი იყო, ამჯერად „მაზერატი“ ოთხადგილიან ვერსიას დაუბრუნდა. ორმა „ზედმეტმა“ სავარძელმა მანქანა საკმაოდ დაამძიმა, სამაგიეროდ, უფრო პრაქტიკული და გრან ტურიზმოსთვის შესაფერისი გახდა. სხვა მხრივ, ამ ორ ავტომობილს შორის სხვაობა პრაქტიკულად არაა.


ორივე ავტომობილი ერთი და იგივე, 4.7-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 453 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. იგივე ძრავს „მაზერატი“ უკვე „გრანტურიზმო სპორტზეც“ იყენებს. ამ აგრეგატთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ელექტრონულად მართვადი ნახევრად ავტომატური კოლოფი. ამ ტანდემის დახმარებით, „GT MC სტრადალეს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 303 კმ/სთ-ია.


ავტომობილი ასევე აღჭურვილია „ბრემბოს“ წარმოების უფრო მძლავრი მუხრუჭებით, რომლებშიც კარბონ-კერამიკული ფრიქციული წყვილებია გამოყენებული. ძარას აეროდინამიკური ელემენტები დაემატა, კაპოტს გახურებული ჰაერის გამოსადევნად ლაყუჩები დაუმატეს, სალონის გასაწყობად კი კარბონის კომპოზიტი და ტყავ-ალკანტარა გამოიყენეს.
რაც შეეხება სრულიად ახალ „კვატროპორტეს“ ოჯახს, მისი GTS ვერსია წყვილ ტურბოიანი 530-ცხენისძალიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, ვერსია S Q4-ის კაპოტქვეშ კი ასევე წყვილ ტურბოიანი, ოღონდ V6 ძრავი განლაგდა, რომლის სიმძლავრეც 410 ცხენის ძალაა. პირველ შემთხვევაში წამყვანი უკანა ბორბლებია, მეორე შემთხვევაში კი - ყველა ბორბალი. დაბოლოს, ვერსია S იმავე V6 ძრავით აღიჭურვა, ოღონდ მამოძრავებელ ძალას მხოლოდ უკანა ბორბლები ღებულობს.

No comments:

Post a Comment