Thursday, March 21, 2013

„ჰიუნდაის“ კონცეპტუალური HND-9 - შემდეგი „ჯენეზის კუპე“?

Hyundai's New HND-9 Concept with V6 Turbo Hints at Next Genesis Coupe
21 მარტი
ნიუ იორკის ავტო შოუ და სეულის მოტორ შოუ პრაქტიკულად ერთდროულად ჩატარდება. ამ ორიდან პირველი გაცილებით ავტორიტეტული და ხალხმრავალია, მაგრამ „ჰიუნდაიმ“ მაინც სეულის შოუ აირჩია იმისათვის, რომ ავტო სამყაროსთვის, თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, HND-9 გაეცნო. ოფიციალურ პრემიერამდე კი მისი ფოტო ტიზერები და მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ეს არის მეცხრე კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც „ჰიუნდაის“ კვლევისა და განვითარების ნამიანის (კორეა) ცენტრშია შემუშავებული. კორეული კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინი და ტექნიკური სპეციფიკაციები მიგვანიშნებს, რომ ის არის შემდეგი თაობის ლუქსის კლასის სპორტული კუპე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლანდელ „ჯენეზის კუპეს“ შეცვლის დრო უახლოვდება, შეიძლება დიდი სიზსტით ვივარაუდოთ, რომ HND-9 სწორედ მისი მომავალი შემცვლელია.

„კონცეპტუალურ HND-9-ს აქვს გრძელი და დახრილი სახურავი, ასევე გრძელი ბაზა, რაც იოლად მიგახვედრებთ, რომ თქვენს წინაშეა ელეგანტური კლასიკური პრემიუმ სპორტ კუპეს ნიმუში“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ რელიზში.
კონცეპტუალური ავტომობილის ზოგიერთი ელემენტი, მაგალითად ეგრეთ წოდბული პეპლის ფრთის სტილის კარები, სერიულ მოდელამდე ვერ მიაღწევს. საინტერესოდაა გადაწყვეტილი ავტომობილის წინა ნაწილი, რომელსაც ექვსკუთხა რადიატორის ბადე ამშვენებს. ამ უკანასკნელის ფორმაც ისეთია, კონვეიერამდე ამ სახით ვერ მიაღწევს. HND-9-ში ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2, თუმცა მისი სერიული ვერსია ალბათ ოთხადგილიანი იქნება. მოკლედ, ესკიზებზე სიმპატიური ავტომობილი ჩანს და ალბათ, რეალურიც ასეთივე იქნება.
რაც შეეხება აღჭურვილობას, „ჰიუნდაიმ“ ის შიდაწვის ძრავით აღჭურვა და არა ჰიბრიდული სისტემით, როგორებითაც ბოლო ხანს, თითქმის ყველა მწარმოებელი იწონებს თავს. კუპეს მამოძრავებელ ძალას ბენზინის 3.3-ლიტრიანი V6 ანიჭებს, რომელსაც ტურბო დამჭირხნი და საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 370 ცხენის ძალას აღწევს. მასთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს აწვდის.
„ჰიუნდაი“ გვპირდება, რომ HND-9-ს შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას სეულის მოტორ შოუს გახსნამდე გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment