Saturday, March 2, 2013

„ვოლარ-e“ – 1000-ცხენისძალიანი ელექტრომობილი (ვიდეო)


Meet the Volar-e, a 1,000Hp All-Electric Hypercar
2 მარტი
ელექტრომობილებს ჯერაც ვერ მოუპოვებიათ საკმარისი ავტორიტეტი იმისათვის, რომ მასობრივად იყიდებოდნენ ბაზარზე. ლაპარაკი აღარაა იმაზე, რომ ელექტრომობილს სპორტულ მართვასთან ბევრი ვერ დააკავშირებს. ეს მომავლის საქმეა, როდესაც ახალი სარბოლო სერიები, მათ შორის ფორმულა E, პირველ ჩემპიონატებს ჩაატარებენ.

მაგრამ ამ გარემოებამ სულაც ვერ შეაშინა პატარა ესპანური კომპანია „აპლუს იდიადა“, რომელმაც ავტოინდუსტრიაში თავისი პირველი ნაბიჯი, სწორედ ელექტრომობილის, უფრო სწორედ, სუპერ ელექტრომობილ „ვოლარ-e-ს“ შექმნით გადადგა. ამ საქმეში კი პარტნიორობა ხორვატულმა კომპანია „რიმაკ აუტომობილიმ“ გაუწია, რომელიც საავტომობილო სამყაროში ცნობილია, როგორც სუპერ ელექტრომობილ „რიმაკ კონცეპტ ვან EV-ს“ შემქმნელი.
„ვოლარ-e“ სრულამძრავიანი ავტომობილია. ის ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ბორბლების სიახლოვეს განლაგდა და ყოველი მათგანი თითო ბორბალს ატრიალებს. ძრავების ჯამური სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტი კი 1000 ნიუტონმეტრზე მეტია. ამასთან, მაქსიმალური მომენტი ძრავის პირველივე ბრუნიდან მიიღწევა.
ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 38 კილოვატსაათია. სწრაფად დასამუხტი მოწყობილობით, ბლოკის 10-15 წუთში სრულად დამუხტვა შეიძლება. მწარმოებლები არ აზუსტებენ ავტომობილის სვლის სიშორეს. თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება - როგორც სხვა ელექტრომობილების შემთხვევაში, ამჯერადაც სვლის სიშორე, ავტომობილის მართვის რეჟიმზეა დამოკიდებული. სარბოლო რეჟიმში, საშუალო სიგრძის (4 კმ) ტრასაზე სულ რამდენიმე წრის გავლას თუ შეძლებს.
ესპანური კომპანიის ინფორმაციით, „ვოლარ-e“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ ნიშნულზე, ელექტრონიკითაა შეზღუდული. შესაძლოა, ელექტრომობილისთვის ცუდი მახასიათებლები არაა, თუმცა „ვოლარ-e-ზე“ მძიმე და გაცილებით ნაკლებად მძლავრი ელექტრომობილი „ტესლა მოდელ S“, ადგილიდან ასამდე აჩქარებას 0.5 წამით ნაკლებს უნდება.
ამ ეტაპზე, „ვოლარ-e“ პროტოტიპის სახით არსებობს და მისი შემქმნელები სამომავლო გეგმებზე არაფერს ამბობენ.

ვიდეო

No comments:

Post a Comment