Saturday, March 16, 2013

„ქელავეის“ ახალი „კორვეტ სტინგრეი“ შუტინგ ბრეიკ ძარით

Corvette Stingray Shooting Brake Rendering by Callaway

16 მარტი
სატუნინგო კომპანია „ქელავეიმ“ უახლესი „კორვეტ სტინგრეის“ ბაზაზე, ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარით აღჭურვილი ავტომობილის პროექტი შეიმუშავა. კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „C21 აეროვაგონ“, არის „კორვეტის“ უფრო პრაქტიკული ვერსია, რომელიც მომხმარებელს უფრო ფართო ინტერიერს და ტევად საბარგულს სთავაზობს. ამას კი ერთგვარი უნივერსალის მსგავსი ძარის წყალობით ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი „შევროლე კორვეტ სტინგრეი“ „ჯენერალ მოტორსმა“ დეტროიტის მოტორ შოუზე გვიჩვენა, მისი ღია ვერსია კი ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა. „C21 აეროვაგონს“ საბაზო „კორვეტისგან“ დაგრძელებული სახურავი და უფრო მაღალი გვერდითა შუშები განასხვავებს. სწორედ ასეთი ტიპის ძარებს მოიხსენიებენ შუტინგ ბრეიკად, რაც ყველაზე ახლოს გარეგნულად ჰეჩბეკთან დგას.
„ქელავეი“ ახალი „კორვეტ სტინგრეის“ ჩვეულებრივ ტუნინგურ ვერსიასაც ამზადებს, რომელსაც მყიდველს „ქელავეი C7-ის“ სახელით შესთავაზებს. ეს ავტომობილი ახალ „კორვეტზე“ გაცილებით მძლავრი ძრავით აღიჭურვება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ზე მეტი იქნება. რაც შეეხება „აეროვაგონს“, მას მხოლოდ შეკვეთებით დაამზადებენ. საბაზო „კორვეტ სტინგრეის“ ბაზაზე „აეროვაგონის“ დამზადება დამატებით 15 000 დოლარი დაჯდება. ამ ფასად, განსხვავებული ძარის გარდა, მყიდველს გაძლიერებულ 6.2-ლიტრიან V8 ძრავს (წყვილი ტურბო დამჭირხნით) და დიდი ზომის უკანა ბორბლებს შესთავაზებენ.
„ქელავეის“ ვერსია „აეროვაგონზე“ წინასწარი შეკვეთების მიღება დაწყებული აქვს.

No comments:

Post a Comment