Tuesday, March 19, 2013

„ჰიუნდაი გრანდ სანტა ფეს“ ჟენევური პრემიერა

Hyundai Grand Santa Fe at Geneva Motor Show 2013

19 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ჰიუნდაიმ“ უგზოობის „სანტა ფეს“ დაგრძელებული და შვიდადგილიანი ვერსია, „გრანდ სანტა ფე“ წარადგინა, რომელიც კორეულმა კომპანიამ ამერიკული ბაზრისთვის ერთი წლის წინ, ნიუ იორკის მოტორ შოუზე გვიჩვენა. ეს ავტომობილი, საბაზო „სანტა ფეზე“ გრძელიცაა, მაღალიც და განიერიც. და გასაკვირი სულაც არ იქნება, თუ გეტყვით, რომ მგზავრებს კომფორტის უფრო მაღალ ხარისხს სთავაზობს.
ჩვეულებრივი „სანტა ფესგან“ „გრანდს“ სავარძლების მესამე რიგი განასხვავებს. ის შეიძება იყოს როგორც ექვს, ასევე შვიდადგილიანი. მაგრამ უკანა სავარძლები მოზარდებისთვისაა განკუთვნილი. საერთოდ, ეს ავტომობილი საოჯახო ტიპისაა და ასეთი სავარძლების დამატება მისთვის სწორედაც მისწრებაა. მომატებული გაბარიტების წყალობით, ასევე საბარგულის მოცულობაც გაიზარდა (ამ კლასში ყველაზე ტევადია).
ჩვეულებრივი „სანტა ფესგან“ „გრანდი“ მარტო გაზრდილი გაბარიტებით არ გამოირჩევა. მას შეცვლილი რადიატორის ბადითაც იცნობთ. ასევე სხვა სტილშია შესრულებული წინა ბამპერი, ნისლის ფარები, ასევე მანქანის უკანა ნაწილი. „გრანდ სანტა ფე“ მისთვის სპეციალურად შემუშავებულ, 18 და 19-დუიმიან ბორბლებზე დგას. სტანდარტულ ეკიპირებაშია გამჭვირვალე სახურავი, ასევე სამ რეჟიმში რეგულირებადი საჭე და 4.3-დუიმიანი მონიტორი.
ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი „გრანდ სანტა ფე“ მხოლოდ 2.2-ლიტრიანი დიზელით არის აღჭურვილი, რომელთანაც 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ძრავი 197 ცხენის ძალას ავითარებს. ყოველი კილომეტრის გავლისას, ავტომობილი ატმოსფეროს 192 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
„ჩვენი კომპანიის ევროპულ პორტფელში „გრანდ სანტა ფეს“ დამატება, ევროპაში E-სეგმენტის ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხდება. ამ ავტომობილით, „ჰიუნდაი“ ინარჩუნებს თავის ტრადიციას, რაც მაღალი დონის სტანდარტული ეკიპირების შეთავაზებაში აისახება. თანაც ისე, რომ მყიდველს პრემიუმ ავტომობილის შესაფერისი თანხის გადახდამ არ მოუწიოს. „გრანდ სანტა ფეს“ აქვს მძლავრი და იმავდროულად, ეკონომიური ძრავი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოდიფიცირებული შასი და ტევადი და კომფორტული სალონი, რაც საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს მრავალსულიანი ოჯახებისთვის“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ რელიზში.
კომპანიის ევროპული შტოს უფროსი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ოპერატიული აღმასრულებელი ალენ რაშფორტი ამბობს, რომ ევროპულ ბაზარზე „გრანდ სანტა ფე“, ძელ კონტინენტზე E-სეგმენტის უგზოობის ავტომობილებზე მზარდ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

No comments:

Post a Comment