Tuesday, March 5, 2013

„ალფა რომეო გლორია“ - ტურინელ სტუდენტთა კონცეპტი

IED's Alfa Romeo Gloria is a Concept for a Sporty Looking Sedan
5 მარტი

ამ ავტომობილს „ალფა რომეოსთან“ ჯერ მხოლოდ სახელი და მილანური კომპანიის ავტომობილების ზოგიერთი საფირმო დეტალი (მაგალითად, რადიატორის ბადე) აკავშირებს. სხვა მხრივ, მათ ამ ეტაპზე საერთო არაფერი აქვთ. „ალფა რომეო გლორია“ ოთხკარიანი, სპორტული სედანის ტიპის ავტომობილია, რომელზეც ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტის ტრანსპორტის დიზაინის ფაკულტეტის ოცმა სტუდნტმა იმუშავა. ეს მათი სადიპლომო ნამუშევარია.

და მაინც, პროექტს მეურვეობას „ალფა რომეო“ უწევდა. იტალიური კომპანია ამ ეტაპზე ახალი კორპორატიული სტილის ძიებასა და საწარმოო პროგრამის გაფართოების მცდელობაშია. ორივე მიმართულებით, მას სტუდენტური კონცეპცია გამოადგება - შესაძლოა, ამ სახელით, სპორტული სედანი მალე გამოჩნდეს „ალფა რომეოს“ გამაში. ოღონდ, ამაზე მილანში ჯერჯერობით ხმამაღლა არაფერსა ამბობენ.
ოფიციალურ რელიზში ნათქვამია, რომ კონცეპტუალური ავტომობილის კონსტრუქცია ისეა შემუშავებული, რომ მასზე V6 და V8 ძრავების გამოყენება იყოს შესაძლებელი. სავარაუდოდ, „მაზერატის“ აგრეგატები იგულისხმება. სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი ავტომობილი სრულამძრავიანი ტრანსმისიითაც აღიჭურვოს.
საშუალო ზომის კონცეპტუალური „გლორიას“ გაბარიტებია: სიგრძე 4700 მილიმეტრი, სიგანე 1920 მილიმეტრი, სიმაღლე 1320 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2900 მილიმეტრი. როგორც რელიზშია ნათქვამი, ის ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ბაზრების თავისებურებათა შესაბამისადაა შემუშავებული. ორივე ბაზარი იტალიური კომპანიისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იქ გააქტიურებით, გაჭიანურებული კრიზისის დაძლევაა შესაძლებელი.

No comments:

Post a Comment