Friday, March 29, 2013

„აუდი“ „ალფა რომეოს“ შეძენას ცდილობს

Audi to Buy Alfa Romeo?
29 მარტი

მიუხედავად იმისა, რომ „ფიატის“ ჯგუფის მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს არაერთხელ უთქვამს, „ალფა რომეოს“ გაყიდვას „ფიატი“ არ აპირებსო, ახლახანს ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კონცერნი მოლაპარაკებას „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის პრემიუმ კომპანია „აუდი“ აწარმოებს. ინტერნეტ გამოცემა „უორდსავტოს“ ინფორმაციით, მოლაპარაკება მარკიონესა და „აუდის“ მთავარ აღმასრულებელ რუპერტ შტადლერს შორის მიმდინარეობს.


მოლაპარაკების მთავარი თემა „ალფა რომეოა“, თუმცა ინგოლსთადტელებს მილანური კომპანიის გარდა, „ფიატის“ ჯგუფის სხვა კომპანიებზეც უჭირავთ თვალი. კერძოდ, მათ ასევე სურთ „ფიატის“ პომილიანო დ’არკოს (ქალაქი ნაპოლის მახლობლად) ამწყობი ქარხნის შეძენა, რომელიც ამჟამად „ფიატ პანდას“ აწარმოებს. „აუდის“ ამ ქარხანაში „ალფა რომეოს“ ავტომობილების წარმოება სურს. სხვათა შორის, პომილიანოს ქარხანა 1960-იან წლებში სწორედ „ალფა რომეომ“ ააშენა.
გარდა ამისა, გერმანულ კომპანიას ასევე საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელ „მანეტი მარელის“ შეძენა სურს. სხვათა შორის, ახლახანს მარკიონემ განაცხადა, რომ „მანეტი მარელის“ გაყიდვას აპირებდა, რათა „ფიატს“ საბრუნავი ფული სჭირდება. „აუდი“ მზადაა, არამარტო შეიძინოს „მანეტი მარელი“, არამედ მის განვითარებას ინვესტიციაც მოახმაროს.
საინტერესოა, რომ „აუდის“ მფლობელობაში უკვე რამდენიმე იტალიური კომპანიაა მოქცეული. მათ შორისაა სუპერ ავტომობილების მწარმოებელი „ლამბორგინი“, მოტოციკლების მწარმოებელი „დუკატი“, ასევე დიზაინ-ატელიე „იტალდიზაინ ჯუჯარო“.
ჯერჯერობით, არც „აუდი“, არც „ფიატი“ ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. სამაგიეროდ, თუ ადრე მარკიონე ადრე კატეგორიულად უარყოფდა „ალფა რომეოს“ „ფოლკსვაგენისთვის“ მიყიდვის შესაძლებლობას, ამჯერად ამაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

No comments:

Post a Comment