Sunday, March 24, 2013

ახალი „ფორდ მუსტანგი“... ჯერ მხოლოდ თიხაში

2015 Ford Mustang Design Prototype Model Leaked
24 მარტი
თითქმის ერთი წელია, საავტომობილო პრესა ახალ „ფორდ მუსტანგზე“ მსჯელობს. ყველამ იცის, რომ ეს ავტომობილი წინა „მუსტანგებისგან“ სრულიად განსხვავებული იქნება და რეტრო გავლენისგანაც გათავისუფლდება. არის ვარაუდები, რომ ის „ფორდის“ კონცეპტუალურ ავტომობილ „ევოსს“ დაემსგავსება.


ცისფერი ოვალი ჯერჯერობით ამ ავტომობილის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას, განსაკუთრებით მისი გარეგნობის შესახებ, საიდუმლოდ ინახავს. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ინფორმაციამ ამჯერადაც გაჟონა. და ეს „მუსტანგის“ მოყვარულთა ერთ-ერთ ფორუმზე მოხდა. მასზე გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებზეც მომავალი „მუსტანგის“ თიხაში შესრულებული მასშტაბური სკულპტურაა გამოსახული. მოდელი დამუშავების პროცესშია და მისი ფორმების მიხედვით ჯერ ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ზოგიერთი დეტალი უკვე გამოიკვეთა.


ფოტოები ცისფერი ოვალის დიზაინ სტუდიაშია გადაღებული. თანაც, ისინი პაპარაცული არაა. ანუ, ყველამ იცოდა, რომ ფოტოებს იღებდნენ. პირი, ვინც ფორუმზე ისინი გამოაქვეყნა, ირწმუნება, რომ სკულპტურაზე ახალი „მუსტანგის“ სამუშაო ვერსიაა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ ინფორმაციის გაჟონვა თავად ამერიკული კომპანიის ხელშეწყობით მოხდა.


მართალია, „ფორდი“ ირწმუნება, რომ „მუსტანგი“ კლასიკურ სტილს დაივიწყებს, თიხის მოდელი წარსულთან კავშირში მაინცაა შემჩნეული. საქმე ისაა, რომ მანქანას დაქანებული სახურავი, ეგრეთ წოდებული ფასტბეკის ტიპის ძარა აქვს, დაახლოებით იმ სტილში, როგორიც 1969 წლის „მუსტანგ მახ 1 ფასტბეკს“ ჰქონდა. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დიზაინერებში „მუსტანგის“ წარსული დიდებისადმი ნოსტალგიური დამოკიდებულება შთაგონების წყაროს როლსაც ასრულებს და ეს მათს ნამუშევარში აისახება. თუმცა, ვინ იცის...

No comments:

Post a Comment