Sunday, March 17, 2013

ახალი სეზონი რაიკონენის გამარჯვებით დაიწყო

Raikkonen wins Melbourne thriller for Lotus
17 მარტი
გრილი ამინდი, კარგად დაგეგმილი სტრატეგია და რა თქმა უნდა, უშეცდომო რბოლა - ეს ის ინგრედიენტებია, რომლებმაც კიმი რაიკონენს ახალი სეზონი გამარჯვებით დააწყებინეს. რა თქმა უნდა, პირველივე ეტაპის შემდეგ იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის, ნაადრევია, თუმცა ფავორიტები უკვე გამოიკვეთნენ. ეს ის პილოტები და მათი გუნდები არიან, რომლებმაც მელბურნის შემდეგ კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავეს. მოგვიანებით, შესაძლოა მათ „მერსედესიც“ შეუერთდეს.

რაიკონენმა ფინისთან 12.4 წამით მიასწრო მეორეზე გასულ ფერნანდო ალონსოს, რომელსაც თავის მხრივ, ათი წამით ჩამორჩა პოულის მფლობელი სებასტიან ფეტელი. საინტერესოა, რომ რაიკონენის საბურავებს გრანულირება კვალიფიკაციაზევე დასწყებია, თუმცა ფინელის ფრთხილი რბოლის წყალობით, სუპერ რბილმა რეზინმა „ტანჯვა-წამებას“ 9 წრე გაუძლო. მერე კი რაიკონენმა ორჯერ შეცვალა საბურავი და ორივეჯერ მედიუმი დააყენა. ორივე შემთხვევაში, ისინი 24 წრეზე იმყოფინა. და რაც მთავარია, ბოლომდე შეძლო მათი რესურსის გამოყენება. საინტერესოა, რომ პირველ ექვს ადგილზე გასულთაგან, ორი პიტ სტოპით მხოლოდ რაიკონენმა იარა.

ძლიერი წვიმის გამო, ავსტრალიურ რბოლას გაჭიანურებული კვალიფიკაცია ჰქონდა, რომელიც „რედ ბულის“ ტრიუმფით დასრულდა. პოულს, რა თქმა უნდა, ფეტელი დაეუფლა, რომელმაც თითქმის წამით აჯობა თანაგუნდელ მარკ ვებერს. მესამე დრო კი ლუის ჰამილტონმა აჩვენა. მართალია, სამქიმიანებს სეზონისწინა ტესტებზე ყველა აქებდა, მაგრამ პირველივე რბოლის კვალიფიკაციის სამეულში შესვლას მათგან მაინც ძნელად თუ ელოდა ვინმე. რაც მთავარია, შედეგით და უფრო მანქანის კონკურენტუნარიანობით, კმაყოფილები გუნდის პილოტები და მენეჯერები დარჩნენ.
სხვათა შორის, კვალიფიკაციაზე თავი ბევრი არაფრით გამოუჩენიათ „ლოტუსის“ პილოტებს - რაიკონენი მეშვიდე პოზიციას დასჯერდა, რომენ გროჟანმა კი სასტარტო რიგში მის გვერდით დადგომის უფლება მოიპოვა. მართალია, ფინელმა სტარტი მეოთხე რიგიდან აიღო, მაგრამ სტარტიდან მეორე წრეზე უკვე სამი პოზიციით წინ წაწევა მოასწრო. პირველი პიტსტოპიც თითქმის სხვებთან ერთად შეასრულა. მეორეზე კი გვიან შევიდა და სწორედ ამან განაპირობა ის უპირატესობა, რომელმაც გამარჯვებამდე მიიყვანა.
ნარბოლევს რაიკონენმა განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში მოპოვებული ერთ-ერთი ყველაზე იოლი გამარჯვება იყო. ასეა თუ ისე, ეს მისი მეოცე მოგებული დიდი პრიზია და ამ მაჩვენებლით, თავის ლეგენდარულ თანამემამულე მიკა ჰაკინენს გაუტოლდა. ოღონდ, მიკას ანგარიშზე ორი ტიტულია. ვინ იცის, იქნებ რაიკონენისთვის ეს გამარჯვება, მეორე ტიტულისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს...
ალონსომ მთელი რბოლა შესანიშნავად ჩაატარა. ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, ის რაიკონენს ხუთი წამითაც კი ჩამორჩებოდა, მაგრამ შემდეგ, უკეთ შემონახული რეზინის წყალობით, ფინელმა კვლავ გაზარდა უპირატესობა. ფეტელს თავისი და „რედ ბულის“ რეალური ძალის დემონსტრირებაში, ხელი საბურავებმა შეუშალა. მართალია, სტარტიდანვე დაწინაურდა, მაგრამ ჰანდიკაპის შექმნა ვერ მოახერხა. თანაც, საშუალო სიხისტის საბურავების პირველი კომპლექტიც სწრაფად გაცვითა და საბოლოოდ, მესამე ადგილითაც კმაყოფილი დარჩა. რაც უნდა იყოს, ეს გრძელი სეზნის პირველი მონაკვეთი იყო და ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი მისთვის ქულების დაგროვებაა.

რბოლა საინტერესო გამოდგა. მას შვიდი პილოტი ლიდერობდა, რომელთა შორისაც ყველაზე მოულოდნელი ადრიან სუტილის გამოჩენა იყო. გერმანელი ფ1-ს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მელბურნშივე დაამტკიცა, რომ „ფორს ინდია“ არ შემცდარა, როდესაც მას მეორე შანსი მისცა. სხვათა შორის, მანაც ორსტოპიანი ტაქტიკა აირჩია. ოღონდ, რაიკონენისგან განსხვავებით, სტარტი მედიუმებით (მე-12 პოზიციიდან) აიღო, სუპერ სოფტებზე კი რბოლის მიწურულს გადავიდა.
და ისევ გამარჯვებულებზე. 1978 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ლოტუსი“ სეზონს გამარჯვებით იწყებს. მაშინ ამერიკელმა მარიო ანდრეტიმ არგენტინის დიდი პრიზი მოიგო. და იმ წელს ჩემპიონიც გახდა!.. შეგახსენებთ, რომ ის ავტომობილი (ლოტუს 78), რომლითაც ანდრეტი და მისი შვედი თანაგუნდელი რონი პეტერსონი ასპარეზობდნენ, გრაუნდ ეფექტის პიონერი იყო. ამ ეფექტს განსხვავებული პრინციპით, ფ1-ში და მთლიანად ავტოსპორტში დღეს მასობრივად იყენებენ.
„მანქანამ მთელი უიკენდის განმავლობაში კარგად იმუშავა. სეზონის პირველ რბოლაში, მთავარი პირველი წრეების მშვიდობიანად გავლა იყო. ბოლოს კი ტემპი გავზარდე, რადგან ფერნანდო მეწეოდა. იყო მომენტი, როდესაც ვფიქრობდი, რომ გაწვიმების შემთხვევაში, ტემპის კიდევ უფრო გაზრდა მომიწევდა. რა თქმა უნდა, გახარებულები ვართ, მაგრამ ჩემპიონატში გასამარჯვებლად საშინლად ბევრი მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა რაიკონენმა.
პრობლემები ჰქონდა მარკ ვებერს, ვინც ჯერ სტარტი ჩააგდო, შემდეგ კი კერსი და ტელემეტრია დაუზიანდა. ამ პრობლემების მიუხედავად, მან ფინიში მაინც მეექვსემ გადაკვეთა. ნარბოლევს კი განაცხადა, როგორც გვეგონა, იმდენად კარგ ფორმაში ვერ შევხვდით სეზონის დაწყებასო.
რა თქმა უნდა, გამარჯვებას უმიზნებდა ფეტელი, მაგრამ მესამე ადგილის მიუხედავად, უკმაყოფილო მაინც არ ჩანდა: „როდესაც სტარტს პოულიდან იღებ, გამარჯვება ლოგიკური მოლოდინია. მაგრამ ხომ ნახეთ, რომ საბურავები ძალიან სწრაფად კარგავდა თვისებებს. ხანდახან აშკარა იყო, რომ სხვებს ჩვენზე მაღალი ტემპი ჰქონდათ. მანქანა სწრაფი იყო, მაგრამ ტემპის შენარჩუნება ვერ შევძელით, ფერნანდო და განსაკუთრებით კიმი კი ძალიან სწრაფები იყვნენ“.

სტარტზე გამოსვლაც კი ვერ შეძლო ნიკო ჰულკენბერგმა, ვისაც მანქანაზე საწვავის მიწოდების სისტემა დაუზიანდა. უსაფრთხოების მიზეზით, „ზაუბერმა“ რბოლაში მისი გამოშვებისგან თავი შეიკავა.

ავსტრალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:27.407
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:27.827
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:28.087
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:28.490
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:28.493
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:28.523
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:28.738
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:29.013
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:29.305
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:30.357
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               1:38.067
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:38.134
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:38.778
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:39.042
15. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:39.900
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:40.290
- - - - - - - - - -
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:47.614
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:47.776
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:48.147
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:48.909
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:49.519
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:50.626

რბოლა
მელბურნი, ალბერტ პარკი. დისტანცია 307.574 კმ (5.303 კმ, 58 წრე)
1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:30:03.225
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  +00:12.451
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              00:22.346
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           00:33.577
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           00:45.561
6. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      00:46.800
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               01:05.068
8. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              01:08.449
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                01:21.630
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 01:22.759
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                      01:23.367
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             01:23.857
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1 წრე
15. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                      1 წრე
16. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      2 წრე
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     2 წრე
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)     2 წრე
გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       19 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     32 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        34 წრე
სტ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               -
შენიშვნა: გ - გამოეთიშა, სტ - სტარტზე არ გამოსულა
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:29.274, 56-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. კიმი რაიკონენი - 25 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 18; 3. სებასტიან ფეტელი - 15; 4. ფელიპე მასა - 12; 5. ლუის ჰამილტონი - 10; 6. მარკ ვებერი - 8; 7. ადრიან სუტილი - 6; 8. პოლ დი რესტა - 4; 9. ჯენსონ ბატონი - 2; 10. რომენ გროჟანი - 1

კონსტრუქტორთა თასი
1. ფერარი - 30 ქულა; 2. ლოტუს-რენო- 26; 3. რედ ბულ-რენ0 - 23; 4. მერსედესი - 10; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 10; 6. მაკლარენ-მერსედესი - 2

No comments:

Post a Comment