Wednesday, March 6, 2013

„პინინფარინა სერჯო“ - ბოსის სახსოვარი

Pininfarina Honors Late Company Boss with Ferrari 458 Spider-Based Sergio Barchetta
6 მარტი

ლეგენდარულ იტალიურ დიზაინ ატელიეს შარშან ასევე ლეგენდარული ბოსი - სერჯო პინინფარინა მოუკვდა. მის საპატივცემულოდ კი ჟენევის მოტორ შოუსთვის, მისივე სახელობის კონცეპტუალური ღია სპორტული (ბარკეტას ტიპის) მოამზადა, რომელშიც „პინინფარინას“ განცხადებით, კომპანიის „სულისკვეთების და ღირებულებათა განახლებაა ასახული“.

„სერჯოზე“ მუშაობისას, როგორც „ფერარის“ პარტნიორმა, ატელიემ მარანელოელთა როდსტერი „ფერარი 458 სპაიდერი“ გამოიყენა. ამასთან, ხელუხლებელი დარჩა როგორც ბორბლებს შორის ბაზა, ასევე წინა და უკანა ბორბლების კვალები. ავტომობილის ბაზაში დარჩა იმავე ავტომობილის 4.5-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 562 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.



ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის. ამ წყვილის დახმარებით, თეორიულად, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.4 წამზე ნაკლებში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით 320 კმ/სთ უნდა იყოს.



ავტომობილს საინტერესო და ძალიან დახვეწილი დიზაინი აქვს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის საქარე მინის გარეშეა. ამის საკომპენსაციოდ, დიზაინერებმა ავტომობილის ბამპერის ძირში ზორბა ჰაერის ამღები ჩააყენეს, რითაც „სერჯოს“ აეროდინამიკური მახასიათებლები გაუმჯობესდა.


დაახლოებით იგივე დანიშნულება აქვს ფსევდო კაპოტზე არსებულ ჰაერის ამღებს, რომელიც მის ზედა ნაწილში ჰაერის ნაკადის „შეშფოთებას“ იწვევს, რის შედეგადაც, ჰაერის ნაწილი სპოილერის ქვეშ გაივლის, ზევით გამავალი ჭავლი კი ძალას კარგავს. ჰაერის ეს ორი ნაკადი იმ ადგილას ხვდება ერთმანეთს, სადაც საქარე შუშა უნდა ყოფილიყო. ამასთან, სპოილერის ვიწყო ჭრილიდან, ნაკადი გაზრდილი სიჩქარით და გარკვეული კუთხით გამოდის და თან გაიყოლებს ზედა ნაკადს, რითაც ფაქტობრივად, საქარე შუშის მოვალეობასაც ასრულებს.



საინტერესო მოყვანილობა აქვს უკანა საყრდენსაც. ის წინისკენ, მოძრაობის საპირისპირო მხარესაა დახრილი და სავარძლების თავზე დამცავ რკალს ქმნის. მასზევეა დამაგრებული სავარძლების საკისრეები. იმავდროულად, ამ რკალს სპოილერის მოვალეობაც აკისრია.

„პინინფარინა“ ირწმუნება, რომ „სერჯოს“ ძარას და მზიდ სტრუქტურას, გრეხვაზე უფრო მეტი წინააღმდეგობა აქვს, ვიდრე დონორ სპაიდერს. ეს კი იმის ხარჯზე გახდა შესაძლებელი, რომ მნიშვნელოვნადაა დაპატარავებული კარების ზომები და შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი ნიშები. კარი 45 გრადუსით დახრილ ღერძზე ზის და იმავე ღერძის გარშემო იღება. დაკიდევ, „სერჯო“ თავის დონორზე 150 კილოგრამით მსუბუქია და 1 280 კილოგრამს იწონის.




კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 550 მილიმეტრი, სიგანე 1 940 მილიმეტრი, სიმაღლე 1 140 მილიმეტრი. ბორბოლებს შორის ბაზაზე რელიზში არაფერი წერია. სამაგიეროდ, გვამცნობენ, რომ „სერჯოს“ საბარგულის მოცულობა 110 ლიტრია.


„პინინფარინას“ ინფორმაციით, „სერჯო“ მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილი არაა. ატელიე აცხადებს, რომ რამდენიმე ასეთი ავტომობილის დამზადებას აპირებს. მთავარია, „სპეციალური“ კლიენტი გამოჩნდეს. სხვათა შორის, ბოლო დროს ისევ მკვიდრდება ერთჯერადი შეკვეთებით ავტომობილების წარმოების პრაქტიკა, რაც ადრე ძალიან გავრცელებული იყო. ამ პრინციპით, ისეთი კომპანიებიც მუშაობენ, როგორებიც „ფერარი“, „ლამბორგინი“ და „მაკლარენია“.


საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება. ორი წლის წინ, იმავე „პინინფარინამ“, გერმანელ ბიზნესმენ მიხაელ სტოშეკის შეკვეთით, „ლანჩა სტრატოსის“ თანამედროვე ინტერპრეტაცია, „ფერარი 430 სკუდერიას“ ბაზაზე შეიმუშავა. ავტომობილმა საუკეთესო გამოხმაურება მიიღო და მისი წარმოებაც კი დაიგეგმა, მაგრამ ამის წინააღმდეგ „ფერარი“ წავიდა, რომელმაც ახალ „სტრატოსში“ თავისი ავტომობილების კონკურენტი დაინახა...




მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერჯო პინინფარინას თავისი სეხნია კონცეპტუალური ავტომობილი აუცილებლად მოეწონებოდა. მისი კომპანიის დიზაინერებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ფანტაზიის უშრეტი წყარო გააჩნიათ და ამ ფანტაზიებს ოსტატურად ასხამენ ფრთებს...

No comments:

Post a Comment