Sunday, March 10, 2013

„პეჟო“ პატარა ქროსოვერების ფერხულში 2008-ით ჩაება

Peugeot Joins the Small CUV Bandwagon with New 2008
10 მარტი

ჟენევის მოტორ შოუ მარტო სუპერ ავტომობილების პრემიერებით არ იყო საინტერესო. ექსპო სენტერის პავილიონებში ბევრი ახალი ავტომობილის, მათ შორის მომავალი ბესტსელერების ნახვა იყო შესაძლებელი. ასეთ ავტომობილებს შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული, „პეჟოს“ სუბკომპაქტური ქროსოვერი 2008 არის, რომელსაც კონკურენტებიც გვერდში ჰყავდა უახლესი „რენო კაპტურის“ და ასევე უახლესი „ფორდ ეკოსპორტის“ სახით. სამივეს ბაზარზე ძალიან პოპულარული „ნისან ჯუკი“ დახვდება.


ქროსოვერი ჰეჩბეკ „პეჟო 208-ს“ მოდფიცირებულ პლატფორმაზეა ბაზირებული. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4160 მილიმეტრი, სიგანე 1740 მილიმეტრი. ანუ ჰეჩბეკზე 200 მილიმეტრით გრძელია და 50 მილიმეტრით განიერი. ბორბლებს შორის ბაზა 2540 მილიმეტრია, რისი წყალობითაც, სალონი ფართო და კომფორტული გამოვიდა. საბარგულის მოცულობა 360 ლიტრია, მაგრამ უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში, 1194 ლიტრამდე იზრდება.


ძრავების გამაში სამ და ოთხცილინდრიანი, ბენზინის და დიზელის აგრეგატები შედის. მათგან ყველაზე მცირელიტრაჟიანია 1.2-ლიტრიანი, რომელსაც მყიდველს ფორსირების სხვადასხვა დონეებით შესთავაზებენ. შესაბამისად, მათი სიმძლავრე 82, 110 და 130 ცხენის ძალაა, მათგან ყველაზე სუსტი, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის ყველაზე მცირე შემცველობითაც (99 გრამი კილომეტრზე) გამოირჩევა. ბენზინის ძრავების გამაში შედის 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი. რომლის სიმძლავრეც 120 ცხენის ძალას აღწევს.
დიზელის აგრეგატები 1.4 და 1.6-ლიტრიანებია. პირველი მხოლოდ ერთია და ის 168 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 1.6-ლიტრიანები ფორსირების ორი ხარისხითაა - 92 და 115 ცხენის ძალით. მათგან ყველაზე ეკონმიური პირველია, რომელიც ას კილომეტრზე 3.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 98 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ძრავებს 5 და 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფები უწყვილდება.


ავტომობილი რამდენიმე დამხმარე სისტემითაა აღჭურვილი. მათ შორისაა ჩაჭიდების კონტროლის სისტემა, რომელიც სამ რეჟიმში მუშაობს. ესენია: თოვლში, უგზოობასა და ქვიშაში მოძრაობის რეჟიმები. ეკიპირებაში შედის „პარკ ესისტი“, რომელიც ჩართვისას, ულტრაბგერებით ეძებს თავისუფალ ადგილს და საჭის დამოუკიდებლად მართვით, პოზიციას იკავებს. სტანდარტულ ეკიპირებაშია კრუიზ კონტროლი, ექვსი აირბალიში, რომელთაგან ორი წინ და ორიც გვერდებზეა მოთავსებული. კიდევ ორი კომპლექტი აირფარდებია. ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაშია სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი (ESP), საგანგებო დამუხრუჭების დამხმარე და მუხრუჭების ძალის ელექტრონული გამანაწილებელი.
ევროპის გარდა, „პეჟო 2008“ ჩინეთში და აზიის სხვა ბაზრებზე, ასევე სამხრეთ ამერიკაშიც გაიყიდება.

No comments:

Post a Comment