Monday, February 11, 2013

„ბეემვეს“ შემდეგი X6 უფრო აგრესიულ სტილში შესრულდება

More aggressive look for new BMW X6
11 თებერვალი

„ბეემვე“ უახლოეს 18 თვეში მეორე თაობის X6-ის გამოშვებას გეგმავს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალი სპორტული ქროსოვერი მესამე თაობის X5-ის პლატფორმაზე აიგება. ის იქნება პირველ X6-ზე ზორბა, აგრესიული დიზაინით და მიიღებს უახლეს ელექტრონულ მოწყობილობებს.

პარალელურად, გერმანული კომპანიის მიუნხენის შტაბ-ბინაში გამალებით ამზადებენ ორ მომცრო სპორტულ ქროსოვერს - X2-ს და X4-ს. ამგვარად, ბავარიელები უგზოობის ავტომობილების გამას, ახლანდელი ოთხიდან ექვსამდე გაზრდიან. ახალი X6 კი, მისი საბაზო X5-სგან კიდევ უფრო განსხვავებული იქნება. „ავტოქარის“ ერთ-ერთი ინფორმატორი ირწმუნება, რომ „ბეემვეს“ ახალ სპორტულ ავტომობილებს უფრო ინდივიდუალური გარეგნობა ექნება. ასე შესაძლებელი გახდება მათი სხვა მოდელებისგან განსხვავება.
ახალი X6 სიგრძეში 33 მილიმეტრით მოიმატებს და 4910 მილიმეტრს მიაღწევს. რა თქმა უნდა, დაგრძელდება ბორბლებს შორის ბაზა, გაგანიერდება ბორბლების კვალი. საერთო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგად, მოიმატებს სალონის თავისუფალი სივრცე, რაც პირველი თაობის X6-ის ნაკლი იყო. შასის სტრუქტურა ფოლადის ფურცლების და კარბონის ბოჭკოს კომპოზიტის მრავალშრიანი კონსტრუქცია იქნება, რომელიც ცხლად ფორმირების წყალობით, წონაში მოიკლებს.
შეიცვლება საკიდარიც. საბაზო ვერსიები ფოლადის ზამბარებით აღიჭურვება, ტოპ ვერსიებზე კი თვითრეგულირებად პნევმატურ რხევის ჩამქრობ სისტემებს დააყენებენ. ამორტიზატორებს სიმტკიცის სამი დონე ექნება. მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ ჰიდრავლიკურ სტაბილიზატორებს.
ძრავების გამაში 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ბენზინის და დიზელის აგრეგატები შევა. ბენზინზე მომუშავე ძრავს ერთი ორსაკნიანი ტურბინა მოემსახურება. დიზელის ერთი ძრავი ორი, მიმდვრობით ჩართული ტურბინით აღიჭურვება, მეორე კი - სამი ტურბინით. გამაში ასევე შევა 4.4-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ბენზინის ძრავი. ყველა შემთხვევაში, ძრავთან ტანდემში 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი იმუშავებს.
დაბოლოს, მყიდველს აუცილებლად შესთავაზებენ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილ ვერსიას. ჰიბრიდულ სისტემაში შევა 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ბენზინის და ელექტროძრავი, რომელიც გადაცემათა კოლოფის სტრუქტურაში ჩამონტაჟდება. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი მოამარაგებს, რომელიც მანქანის ძირში განლაგდება.

No comments:

Post a Comment