Monday, February 18, 2013

„შევროლე SS“ - ბატკნის ტყავში გამოწყობილი მგელი

2014 Chevrolet SS Officially Unveiled, Gets 415HP 6.2-liter LS3 V8
18 თებერვალი

დიდი ხანია, „შევროლე“ უკანაამძრავიან სპორტულ სედანებს არ აწარმოებდა, მაგრამ ამ ბრენდის გლობალიზაციამ, ასეთი ჰალო ქარის გამოშვების აუცილებლობა, დღის წესრიგში დააბრუნა. „ჯენერალ მოტორსს“ კი შესანიშნავი ბაზისი გააჩნია ასეთი ავტომობილისთვის - ავსტრალიური „ჰოლდენ კომოდორ SS V-ის“ სახით. სწორედ ამ ავტომობილის ამერიკული ვერსია, სახელად „შევროლე SS“, გენერლებმა ახლახანს, ნასქარ-ის რბოლა დეიტონა 500-ის წინ, საზოგადოებას პირველად უჩვენა.
„შევროლე SS“ ბაზირებულია „ჯენერალ მოტორსის“ გლობალურ პლატფორმაზე, რომელსაც ამერიკული კომპანია „კამაროსა“ და საპოლიციო პატრულის „კაპრისის“ წარმოებისას იყენებს. „ჯენერალ მოტორსის“ ჩრდილოამერიკული შტოს პრეზიდენტი მარკ როისი ამბობს, რომ „შევროლეს“ ბრენდს სახელი სწორედ უკანაამძრავიანმა სპორტულმა ავტომობილებმა გაუთქვა, თუმცა უკვე 17 წელია, რაც ასეთ ავტომობილებს აღარ აწარმოებს. ამიერიდან კი ამ ნაკლს სწორედ „შევროლე SS“ გამოასწორებს, რომელიც კომპანიის გამაში, „ყველაზე უკეთ შეესაბამება „შევროლეს“ მდიდარ ისტორიას“.

როგორც მოსალოდნელი იყო, „შევროლე SS“ გარეგნულად ძლიერ ჰგავს „ჰოლდენ კომოდორ SS V-ს“, რომელიც ავსტრალიურმა კომპანიამ სამი დღის წინ წარადგინა. ამ ორ ავტომობილს შორის განსხვავება მინიმალურია. „შევროლეს“ სპორტსმენი წინ მაკფერსონის სვეტებს ეყრდნობა, უკან კი ტრაპეციის ფორმის მრავალბერკეტიან საკიდარს. საჭის მექანიზმს ელექტრონული გამაძლიერებელი აქვს, ბორბლები 19-დუიმიანია, რომლებიც წინ 245/40 და უკან 275/35 ზომის საბურავებითაა შემოსილი. ბორბლებში მოთავსებულია „ბრემბოს“ წარმოების მუხრუჭების 335-მილიმეტრიანი დისკოები, რომლებსაც წინ ოთხცილინდრიანი სუპორტები ემსახურება, უკან კი - ორიანები.


სპორტული სედანი, აწ უკვე ძველი „კორვეტის“ ძრავითაა აღჭურვილი. ესაა 6.2-ლიტრიანი V8, რომელიც 415 ცხენის ძალას და 562 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავს სტანდარტულ ეკიპირებაში 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უწყვილდება, რომლიდანაც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლები ღებულობს. ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან 100-ის ასაკრეფად დაახლოებით 5.0 წამი სჭირდება.
„შევროლეს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავტომობილის წონა ღერძებს შორის 50/50 პროპორციითაა განაწილებული. მას აქვს დაბლა დაწეული სიმძიმის ცენტრი, რაც ავტომობილს სწრაფ მოსახვევებში მდგრადობას ანიჭებს. გარდა იმისა, რომ სპორტული ხასიათით გამოირჩევა, „შევროლე SS“ ყოველდღიური სარგებლობისთვისაც კარგია.


„შევროლე SS“ არაერთი დამხმარე მოწყობილობით აღიჭურვება. ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებულია თაჩ-სქრინ მონიტორი, რომელსაც მრავალი ფუნქცია აკისრია. მათ შორის, მულტიმედიური და სანავიგაციო. ამავე კონსოლზეა მოთავსებული ძრავის გამშვები ღილაკი. მდიდარია უსაფრთხოების სისტემების სია. მასში შედის: წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი, ხაზიდან გადახვევის გამაფრთხილებელი, გვერდითა უხილავი ზონის გამაფრთხილებელი, უკანა ხედვის კამერა და პარკირების ავტომატური დამხმარე სისტემა.



უკანაამძრავიანი „შევროლე“ ბაზარზე წლის მეოთხე მეოთხედში გამოვა. ფასი გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდება. SS-ს წილად ხვდა პატივი, იყოს ისეთი ავტომობილების კონკურენტი, როგორებიცაა „მერსედეს-ბენც E63 AMG“ და „ბეემვე M5“.

No comments:

Post a Comment