Tuesday, February 26, 2013

„მაკლარენ P1“ - ახალი ინფორმაცია

McLaren Crunches the Numbers on P1: 350km/h or 218mph Limited Top Speed
26 თებერვალი
„მაკლარენი“ თავის ახალ სუპერ ავტომობილ P1-ს ნაბიჯ-ნაბიჯ გვაცნობს და შესაძლოა, ჟენევის მოტორ შოუზე გასამართ პრეზენტაციაზე, ახალი აღარაფერი ჰქონდეს სათქმელი. თუმცა, ავტო ფანებისთვის, ვინც თუნდაც ვერასდროს შეიძენს ტექნიკის ამ შედევრს, მაინც საინტერესოა, როგორი ტემპერამენტი ექნება ახალ „მაკს“ და რამდენად გაუწევს ის კონკურენციას „ფერარი ენცოს“ შემცვლელს.
მოკლედ, „მაკლარენ P1-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3 წამზე ნაკლებში შეუძლია, 0-200 კმ/სთ-ს 7 წამზე ნაკლებში აღწევს, 0-300 კმ/სთ-ს კი 17 წამში. ეს კი 5 წამით ნაკლებია „მაკლარენ F1-ის“ შესაბამის მაჩვენებელზე. P1-ის მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონიკითაა შეზღუდული და 350 კმ/სთ-ს შეადგენს.შედარებისთვის, F1-ის მაქსიმალური სიჩქარე 386 კმ/სთ-ია.

უოკინგური კომპანია აცხადებს, რომ P1-ის წარმოება მკაცრად შეზღუდული იქნება. კერძოდ, სუპერ ავტომობილი მხოლოდ 375 ცალი დამზადდება. კომპანიის განმარტებით, ეს მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მოდელის რარიტეტულობა იყოს მიღწეული. რაც შეეხება ფასს: ბრიტანეთში საბაზო ავტომობილი 866 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება, რაც ახლანდელი კურსით 1.31 მილიონი ამერიკული დოლარია. ევროპაში ავტომობილი 1.0 მილიონი ევრო ეღირება, ამერიკაში კი - 1.15 მილიონი დოლარი.
შეგახსენებთ, რომ „მაკლარენ P1“ აღჭურვილია ბაზაში მოთავსებული 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით და ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 903 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 900 ნიუტონმეტრი. შიდაწვის ძრავს ორდისკოიანი ქუროთი 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი უწყვილდება, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.


ამასთან, ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილების უნარიც აქვს. ამ შემთხვევაში, სვლის სიშორე 20 კილომეტრია, თანაც იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარე 48 კმ/სთ-ს არ სჭარბობს. თუ სიჩქარე გაიზრდება, სვლის სიშორეც შემცირდება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ უფრო მაღალი სიჩქარისას, ელემენტების ბლოკში შენახული ენერგიის ხარჯი იზრდება.
„მაკლარენი“ P1-ის მსოფლიო პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე გამართავს.

No comments:

Post a Comment