Saturday, February 2, 2013

„ზაუბერ C32“ - ახალი სიურპრიზების მოლოდინში


Sauber unveils its 2013 Formula 1 design, the C32
2 თებერვალი
ახალი სარბოლი ავტომობილი „ზაუბერმაც“ წარმოადგინა. შვეიცარიული გუნდის ისტორიაში ჩატარებული საუკეთესო სეზონის შემდეგ, ყველა ამ წარმტების განვითარებას ელის. მართალია, „ზაუბერის“ ფინანსურ უკმარისობას ქრონიკული ხასიათი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი საინჟინრო სტრუქტურით გამოირჩევა და ნიკო ჰულკენბერგის სახით, ძალიან ძლიერი პილოტიც გადაიბირა.

ახალი მანქანა ძლიერ განსხვავდება შარშანდელისგან. მას შედარებით დაბლა დაწეული ცხვირი, რადიატორების ვიწრო კორპუსები და მათი უკანა ნაწილები აქვს. ჰინვილელები იმედოვნებენ, რომ ამ მანქანით, წინსვლის გაგრძელებას შეძლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი კონსტრუქტორთა პირველობაზე მეექვსე ადგილზე უკან არ უნდა გავიდეს. ეს კი, არნახულად კონკურენტული გარემოს გამო, ძალიან ძნელი იქნება.
„C31 ძალიან კონკურენტუნარიანი მანქანა იყო. მას რამდენიმე ძლიერი მხარე ჰქონდა. ახალი მანქანის მზადებისას, ჩვენს მიზანს, მანქანის სისუსტეების აღმოფხვრა და ძლიერი მხარის კიდევ უფრო გაუმჯობესება წარმოადგენდა. ყველაზე მეტი ყურადღება რადიატორებს დავუთმეთ, რომელთა შევიწროებაც, მანქანის უკანა ნაწილში, ჰაერის უფრო მოწესრიგებული ჭავლის მიმართვის საშუალებას გვაძლევს“, - ამბობს „ზაუბერის“ მთავარი ინჟინერი მეტ მორისი.
მისი თქმით, ინჟინერთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ახალი საბურავების შესაძლებლობათა მაქსიმალური ათვისება იყო: „ჩვენი მანქანა საბურავებს თანაბრად ცვეთდა, მაგრამ პრობლემები კვალიფიკაციაზე გვქონდა, სადაც მაქსიმალური ჩაჭიდების მიღწევა გვიჭირდა. ამიტომ საკიდარის კონსტრუქციას გადავხედეთ და მასში შესაბამისი კორექტივები შევიტანეთ“. მორისი დასძენს, რომ საინჟინრო შტაბმა ყველა დასახულ მიზანს მიაღწია და ზოგიერთ მათგანს გადააჭარბა კიდეც.
შეგახსენებთ, რომ „ზაუბერს“ ორივე პილოტი ახალი ჰყავს. ჰულკენბერგს პარტნიორობას მექსიკელი ახალბედა ესტებან გუტიერესი გაუწევს. იმასაც შეგახსენებთ, რომ მექსიკელმა სერხიო პერესმა კარიერის „მაკლარენში“ გაგრძელება ამჯობინა, იაპონელი კამუი კობაიაში კი „ზაუბერმა“ არ დაიტოვა და ის ჯერჯერობით ადგილის გარეშეა დარჩენილი. თუმცა აქვს შანსი, რომ „ფორს ინდიაში“ აიყვანონ.
გასულ სეზნში „ზაუბერის“ პილოტებმა ოთხჯერ შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა, რაც მანქანის მაღალ პოტენციალზე მეტყველებს. თუმცა გუნდი მაინც არასტაბილური იყო, რის გამოც, მეექვსე ადგილით დაკმაყოფილება მოუხდა.
„გვინდა, რომ აღმასვლა გავაგრძელოთ. ნიკო ჰულკენბერგზე თვალი კარგა ხანს გვეჭირა და გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, მიზანს მივაღწიეთ. ის ძალიან სწრაფი და რაც მთავარია, ეფექტური მრბოლია. კარგად იცის, როგორ მოიპოვოს ქულათა მაქსიმალური რაოდენობა. ესტებან გუტიერესს კი შესაძლებლობა ექნება, თავისი ნიჭი სრულად გამოავლინოს“, - განაცხადა გუნდის შეფმა მონიშა კალტენბორნმა.
მისივე თქმით, „ზაუბერი“ არ აპირებს ძრავების მიმწოდბლის შეცვლას და „ფერარისთან“ მას შემდეგაც დარჩება, რაც ფორმულა ერთი ტურბო ძრავებზე გადავა.

No comments:

Post a Comment