Thursday, February 28, 2013

„ლენდ როვერმა“ ჟენევისთვის ელექტრული „დიფენდერი“ მოამზადა

Land Rover Electrifies Classic Defender for the Geneva Motor Show
28 თებერვალი

„ლენდ როვერი“ 1948 წლიდან აწარმოებს ლეგენდარულ „დიფენდერს“, რომელსაც უგზოობაში ბევრი თანამედროვე ავტომობილი ვერ შეედრება. მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი პარამეტრით, ის ძალიან მოძველდა, რის გამოც, ბრიტანული კომპანია შეცვლას უპირებს. ოღონდ, სანამ ბაზარზე ახალ „მცველს“ გამოიყვანს, მანამ ძველის ბაზაზე ელექტრომობილი შეიმუშავა, რომელსაც ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს.

ჟენევაში, „ლენდ როვერის“ სტენდზე ერთბაშად შვიდი ელექტრული „დიფენდერი“ დადგება, რომლებიც სატესტოდაა შექმნილი და მთელი წლის განმავლობაში, რეალურ რთულ პირობებში გაივლის შემოწმებას. „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევების შეფი ენტონი ჰარპერი ამბობს, რომ ეს ავტომობილები მოძრავი ლაბორატორიების როლს შეასრულებს და მათზე ის ტექნოლოგიები გამოიცდება, რომლებიც ოდესმე შესაძლოა ამ ბრიტანული კომპანიების ავტომობილებზე დაინერგოს.
ელექტრულ „დიფენდერზე“, დიზელის აგრეგატის და გადაცემათა კოლოფის ადგილს ელექტროძრავი და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი იკავებს. ძრავი 94 ცხენის ძალას და 330 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ელემენტების ბლოკის ტევადობა კი 27 კილოვატსაათია, რაც მხოლოდ 80 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი.
„ლენდ როვერის“ განცხადებით, უგზოობის პირობებში სიჩქარე დაბალია და არის იმის შესაძლებლობა, რომ ავტომობილმა ერთი დამუხტვით რვა საათამდე იმუშაოს. სრულად დამუხტვისთვის კი, სწრაფად დასამუხტ მოწყობილობას (7-კილოვატიანს) ოთხი საათი ეყოფა. ჩვეულებრივი 3-კილოვატიანი დასამუხტი კი იგივეს საქმეს ათ საათს უნდება. ელემენტების ბლოკი 410 კილოგრამს იწონის და ავტომობილის ძირზეა დამაგრებული. შედეგად, ელექტრული „დიფენდერი“, დიზელისძღავიანთან შედარებით, დაახლოებით 100 კილოგრამით მძიმე გამოვიდა. უფრო კონკრეტულად, ჩვეულებრივი 2055 კილოგრამს იწონის, ელექტრული კი - 2162 კილოგრამს.
ავტომობილს წამყვანი ისევ ოთხივე ბორბალი აქვს. თუმცა, იმის გამო, რომ ელექტროძრავი მაქსიმალურ მომენტს პირველივე ბრუნვიდან გამოიმუშავებს, კოლოფი ერთსაფეხურიანი რედუქტორით შეიცვალა, რომლის კბილანების გადაცემის რიცხვიც 2.7:1-ზეა. ავტომობილი ასევე სისტემა „ტერაინ რესპონსის“ გაუმჯობესებული ვერსიითაცაა აღჭურვილი.
იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რისი უნარი აქვს ელექტრულ „დიფენდერს“, „ლენდ როვერი“ გვამცნობს, რომ პირველი ტესტებისას, ელექტრომობილმა 12-ტონიანი მისაბმელი, 13-პროცენტიანი დახრილობის გზაზე ატარა.

No comments:

Post a Comment