Wednesday, February 20, 2013

„რინსპიდ მიკრომაქსი“ - პირადი სარგებლობის მიკროავტობუსი

Rinspeed bringing microMAX swarm car to Geneva
20 თებერვალი
შვეიცარიულმა საინჟინრო-დიზაინერულმა ატელიე „რინსპიდმა“ რამდენიმე თვის წინ, საინტერესო კონცეპტუალური მიკროავტობუსი „მიკრომაქსი“ გვიჩვენა, რომელიც კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევოლუციის მისებურ ხედვას გამოხატავს. ამ კონცეპტუალურ ავტომობილს „რინსპიდი“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს.

„მიკრომაქსი“ საოცარი ქმნილებაა. ის კერძო ავტომობილიცაა და მიკროავტობუსიც, ბიბლიოთეკაც, კაფეც, გასართობი მინიცენტრიც, ბორბლებზე მდგარი კაბინეტიც და ქალაქგარეთ გასვლის საუკეთესო საშუალებაც. ეს არის ელექტრომობილი, რომელიც მისწრება იქნება ტაქსიზე სამუშაოდ.


„მიკრომაქსი“ აღჭურვილია კომპანია „ჰარმანის“ მიერ შემუშავებული ელექტრონული კავშირის სისტემა „ურბანსვარმით“, რომელიც არამარტო გაგართობთ და ავტომობილის შესახებ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ინფორმაციას მოგაწვდით, არამედ სხვა მსგავსი ავტომობილების შესაბამის სისტემებთან დამოუკიდებლადაც დაამყარებს კავშირს. მათგან კი გაიგებს, რა მდგომარეობაა გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მალე გავლა მოგიწევთ. და თუ საჭიროა, ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტსაც შეგირჩევთ.


განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ინტერიერი. აქ უჩვეულო სავარძლებს ნახავთ. უფრო სწორედ, ნახევრად სავარძლებს, რადგან მათზე მოთავსებულებს, მგზავრებს და მძღოლსაც კი, ნახევრად მდგომარეს მოუწევთ ყოფნა. თუმცა, მათ ადგილზე მაინც უსაფრთხოების ღვედები „მიამაგრებს“. ამ პატარა ავტომობილის საკმაოდ ვრცელ სალონში, მაცივრისა და ყავის ასადუღებლისთვისაც კი მოიძებნა ადგილი. ერთ კუთხეში კაფეც კი მოუწყვიათ. ავტომობილს აქვს უკაბელო ინტერნეტი, რომლით სარგებლობაც, თითოეულ მგზავრს შეუძლია.


„ჩვენ შევქმენით საზრიანი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის კონცეპცია, რომელიც ერთდროულად შეიძლება აღიქვათ, როგორც ტაქსი, კერძო სატრანსპორტო საშუალება და საზოგადო ტრანსპორტი, რომელიც კავშირის და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებითარის აღჭურვილი“, - ამბობს „რინსპიდის“ შეფი ფრანკ რინდერკნეხტი.


„მიკრომაქსის“ სიგრძე სულ რაღაც, 3.7 მეტრია, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც „მინის“ ჰეჩბეკისა. სამაგიეროდ, სიმაღლეში 2.2 მეტრს აღწევს და ამის წყალობით, სალონში დიდი სივრცე წარმოიქმნება. ინტერიერის გაფორმება კომპანია „ჰორნშუხის“ ნახელავია. ფანჯრებში შუშის ნაცვლად პლექსიგლასი გამოიყენეს, რისი წყალობითაც, უსაფრთხოების გაუმჯობესების გარდა, ავტომობილის წონაც შემცირდა.


„რინსპიდის“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში არაფერია ნათქვამი „მიკრომაქსის“ აგრეგატების და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. შესაძლოა, მათ შესახებ შვეიცარიულმა კომპანიამ ავტომობილის ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენისას მოგვითხროს. იქვე გამოცხადდება ამ პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმებიც.

დანარჩენს ეს ფოტოები მოგიყვებათ...












No comments:

Post a Comment