Thursday, February 28, 2013

სუტილი „ფორს ინდიაში“ დაბრუნდა

Sutil gets second chance with Force India
28 თებერვალი

ადრიან სუტილი ფორმულა ერთში დაბრუნდა. მას მეორე შანსი ისევ „ფორს ინდიამ“ მისცა, სადაც მისი თანაგუნდელი ისევ პოლ დ რესტა იქნება, რომელთან ერთადაც 2011 წელს ფ1-ში თავისი ბოლო სეზონი გაატარა. სუტილი ინდურ გუნდში თავის თანამემამულე ნიკო ჰულკენბერგს შეცვლის, რომელიც „ზაუბერში“ გადავიდა.
„ძალიან მიხარია, რომ ფორმულა ერთში დაბრუნების საშუალება მომეცა. 

მითუმეტეს გუნდში, რომელსაც ასე კარგად ვიცნობ. მინდა, მადლობა გადავუხადო „საჰარა ფორს ინდიას“ იმისათვის, რომ მეორე შანსი მომცა. უქმედ ყოფნისას კიდევ უფრო მონდომებული ვიყავი, რომ ფ1-ში ჩემი მიზნებისთვის მიმეღწია. ბარსელონას ტესტებზე ყველაფერი კარგად წარიმართა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც არასდროს“, - ყვება სუტილი.
„ფორს ინდია“ ფრანგი ჟიულ ბიანკის აყვანას აპირებდა, მაგრამ სწორედ ბარსელონას ტესტების შემდეგ გადაწყდა, რომ კონტრაქტი სუტილთან გაფორმებულიყო. არადა, ბიანკის მენეჯერი ნიკოლას ტოდტი (ფია-ს პრეზიდენტ ჟან ტოდტის შვილია) თითქმის დარწმუნებული იყო, რომ თავის პროტეჟეს მოაწყობდა. საერთოდ, მეორე შანსი ფ1-ში ძალიან იშვიათად ეძლევა ვინმეს. თუმცა, სუტილის შემთხვევაში, მისი სისწრაფის გარდა, გადამწყვეტი ფაქტორიც ის სინანსური მხარდაჭერა გახდა, რომელიც გერმანელ მრბოლს აქვს.
ცნობისათვის, სუტილის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა 2011 წელს შანჰაის ღამის კლუბში მომხდარმა ინციდენტმა, რომლის დროსაც, სუტილმა შამპანურის სირჩის ნამსხვრევით დაჭრა „რენოს“ (ახლანდლი ლოტუსის) სპონსორ „გენიი კეპიტალის“ მთავარი აღმასრულებელი რეიკ ლუ, რომელსაც ჭრილობაზე ნაკერებიც კი დაადეს. ევროპაში გამართულმა სასამართლომ, სუტილს 18 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და 200 000 ევროთი დააჯარიმა.
„გადაწყვეტილება ძალიან ძნელად მისაღები გამოდგა. მასზე რამდენიმე თვე ვიფიქრეთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ფაქტმა იქონია, რომ ადრიანი ძალიან გამოცდილი პილოტია და ჩვენს გუნდთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. თუ ის შეძლებს ისევე კარგად ასპარეზობას, როგორც 2011 წლის სეზონის მეორე ნახევარში, დარწმუნებული ვარ, რომ ისევე კარგ შედეგებს მივაღწევთ, როგორიც გასული სეზონის მიწურულს გვქონდა“, - ამბობს „ფორს ინდიას“ შეფი ვიჯეი მალია.
რაც შეეხება ბიანკის, ვინც „ფერარის“ აკადემიის პილოტია და გასულ სეზონში ინდური საჯინიბოს სარეზერვო პილოტის როლს ასრულებდა, მალიას მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ერთ-ერთ ბოლიდს სწორედ მას ჩააბარებს.


გუნდები და მათი პილოტები

რედ ბული
სებასტიან ფეტელი (გერმანია)
მარკ ვებერი (ავსტრალია)

ფერარი
ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)
ფელიპე მასა (ბრაზილია)

მაკლარენი
ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)
სერხიო პერესი (მექსიკა)

ლოტუსი
კიმი რაიკონენი (ფინეთი)
რომენ გროჟანი (საფრანგეთი)

მერსედესი
ნიკო როსბერგი (გერმანია)
ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)

ზაუბერი
ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)
ესტებან გუტიერესი (მექსიკა)

ფორს ინდია
პოლ დი რესტა (ბრიტანეთი)
ადრიან სუტილი (გერმანია)

უილიამსი
პასტორ მალდონადო (ვენესუელა)
ვალტერი ბოტასი (ფინეთი)

ტორო როსო
დანიელ რიკიარდო (ავსტრალია)
ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი)

კატერჰემი
შარლ პიკი (საფრანგეთი)
გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია)

მარუსია
მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი)
ლუიზ რაზია (ბრაზილია)

No comments:

Post a Comment