Saturday, February 23, 2013

„ფოლკსვაგენის“ საოცრად ეკონომიური სერიული ავტომობილი

Volkswagen Unveils Production 0.9lt/100km or 261MPG XL1 Plug-in Hybrid
23 თებერვალი
„ფოლკსვაგენმა“ შარშან პირობა დადო, რომ სუპერ ეკონომიურ კონცეპტუალურ XL1-ს კონვეიერზე დააყენებდა. და პირობა შეასრულა! ამ ავტომობილის სერიულ ვერსიას მალე ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს.

რადიკალური დიზაინის მქონე, ორადგილიანი ჰიბრიდული ავტომობილი, მსოფლიოში ყველაზე ეკონომიურ ავტომობილად არის მიჩნეული. თავად განსაჯეთ - ასი კილომეტრის გასავლელად მას 0.9 ლიტრი დიზელის საწვავი ჰყოფნის. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 21 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ავტომობილი დიზელ-ჰიბრიდული პლაგ-ინ სისტემითაა აღჭურვილი. დიზელის 0.8-ლიტრიანი ორცილინდრიანი TDI ძრავი 47 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ელექტროძრავი კი - 27 ცხენის ძალას. ჰიბრიდულ აგრეგატში ასევე შედის 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისია, რომელიც შიდაწვის ძრავს ორდისკოიანი ქუროთი უკავშირდება და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი.
ავტომობილი კომპაქტური გაბარიტებით და ძალიან დახვეწილი აეროდინამიკითაც გამოირჩევა. მისი სიგრძე 3888 მილიმეტრია, სიგანე 1665 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1153 მილიმეტრი. ძარა კარბონის ბოჭკოთი არმირებული პოლიმერითაა გამზადებული, რაც მის სიმსუბუქეს განაპირობებს. აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.189-ს შეადგენს.შედარებისთვის, ახალი „პრიუსის“ შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 0.25-ია. ავტომობილი მხოლოდ 795 კილოგრამს იწონის.
ასეთი მსუბუქი, გარსშემოდენილი და აეროდინამიკურად დახვეწილი ავტომობილი, შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. მისი სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად კი 12.7 წამი ჰყოფნის. აკუმულატორის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა თითქმის 50 კილომეტრის გავლა შეძლოს.
XL1-ის სალონი საკმაოდ მარტივი, სადა და ასკეტურიც კია. მთავარი ისაა, რომ მასში მხოლოდ ორი სავარძელია მოთავსებული. ოღონდ, მისი წინამორბედი (2002 და 2009 წლის) კონცეპტუალური ავტომობილებისგან განსხვავებით, სავარძლები ტანდემად კი არაა განლაგებული, არამედ თითქმის გვერდიგვერდ. ოღონდ, მძღოლის სავარძელი ოდნავ წინ წაწეულია.
სხვა თავისებურებათაგან აღსანიშნავია XL1-ის თოლიას ფრთის სტილის კარები, უკანა ხედვის ვიდეოკამერები, რომლებმაც სარკეები ჩაანაცვლა, LCD მონიტორები, რომლებზეც ამ კამერების მიერ გადაღებული კადრები გამოისახება და სხვა.
„ფოლკსვაგენს“ ამ უჩვეულო ავტომობილის ფასები და სხვა ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია. ამ ყველაფერს ჟენევური პრემიერისთვის ინახავს. სამაგიეროდ, ვოლფსბურგელებს ადრევე აქვთ ნათქვამი, რომ XL1-ს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ.

No comments:

Post a Comment