Monday, February 18, 2013

„როლს როისი“ ორი ახალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს


Rolls-Royce V16 roadster (2017) scoop
18 თებერვალი
პინინფარინა ჰაიპერიონი
ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-თან“ საუბრისას, „როლს როისის“ შეფმა ჰარალდ კრიუგერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მუდმივად ადევნებს თვალყურს კონკურენტების საქმიანობას და საპასუხო ქმედებებს განიხილავს. ეს ბაზრის ყველა იმ სეგმენტს ეხება, რომლებთანაც „როლს როისს“ შეიძლება შეხება ჰქონდეს. ამ ეტაპზე, კომპანია როდსტერის და უგზოობის ავტომობილის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. ორივე ავტომობილი V16 ძრავით აღიჭურვება.

ამ ძრავის წარმოებას „როლს როისი“ ადრეც აპირებდა. ის შესანიშნავად მოერგებოდა „ფანტომს“ და ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ბრიტანული კომპანია ძალიან შეცდა, როდესაც ეს ძრავი თავის დროზევე (პირველად ის კონცეპტუალურ 100EX-ზე გამოჩნდა) არ გამოუშვა. ახლა კი მისი შემუშავება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მას მეორე თაობის „ფანტომზე“ გამოიყენებენ. იგივე ძრავს ალბათ როდსტერზე და უგზოობის ავტომობილზეც (თუ მათი წარმოება გადაწყდა) ვიხილავთ.
V16 ძრავი 9.0-ლიტრიანი იქნება და დაახლოებით, 700 ცხენის ძალას განავითარებს. მაგრამ ასეთი მონსტრის მეშვეობით, „ბუგატი ვეირონის“ სიჩქარის რეკორდის გამოდევნებას გუდვუდელები არ აპირებენ. ისევე როგორც „ფანტომი“ და „გოსტი“, როდსტერიც (მას ჯერ სახელი არ აქვს) კომფორტზე ორიენტირებული იქნება.
„როლს როისის“ დიზაინის ცენტრში როდსტერის ესკიზები შეიმუშავეს, რომელიც პროპორციებით, „პინინფარინას“ კონცეპტუალურ „ჰაიპერიონს“ (ფოტოზე) მოგაგონებთ. მათზე ჩანს, რომ მანქანას აქვს დაგრძელებული კაპოტი, მოკლე სალონი, სადაც მხოლოდ ორი სავარძელი თავსდება და დაქანებული საქარე შუშა. სალონს საჭიროების შემთხვევაში, რბილი სახურავი გადაეფარება. ავტომობილი ალუმინის სივრცულ ჩარჩოზე აიგება, რომელიც ზოგიერთ ნაწილს მომავალი თაობის „ფანტომისგან“ გაიზიარებს.
უგზოობის "როლსის" ესკიზები
უგზოობის როლსზე გაცილებით მცირე ინფორმაციაა. დღეს მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის „ბენტლის“ შესაბამის ავტომობილს გაუწევს კონკურენცია, რომლის წარმოებაზეც, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ ამ ბრიტანულ კომპანიას მწვანე შუქი ახლახანს აუნთეს.
დაბოლოს, „როლს როისი“ მალე ჟენევის მოტორ შუზე კიდევ ერთ, სრულიად ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს გაგვაცნობს, სახელად „ვრეიტ“, რომელიც კომპანიის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდება. ფაქტობრივად, ეს არის „გოსტის“ კუპესძარიანი ავტომობილი, რომელიც 6.6-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment