Thursday, February 21, 2013

„ფორდმა“ ნასქარ-ისთვის მომზადებული „ფიუჟნი“ გაგვაცნო (ვიდეო)

Ford Showcases New NASCAR Fusion Car
21 თებერვალი

იყო დრო, როდესაც ნასქარ-ის სერიის რბოლებში, სერიული ავტომობილებით მონაწილეობდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს ავტომობილები სულ უფრო მეტად შორდებოდნენ იმ საბაზო ვერსიებს, რომელთა რეკლამისთვისაც მწარმოებლებს ისინი სარბოლ ტრეკზე და ოვალზე გამოჰყავთ.

რა თქმა უნდა, მეტწილად ამას რბოლებში კონკურენცია განაპირობებს - მანქანა რომ გაყიდო, რბოლაში უნდა მოიგო. ამისთვის კი სარბოლო მანქანა უნდა გააუმჯობესო. მაგრამ სერიულ ავტომობილზე სარბოლოდან ყველა სიახლეს ვერ გადაიტან. მოკლედ, ნასქარ-ის თანამედროვე მანქანებს, სერიულებთან მხოლოდ მწარმოებლის ლოგოღა თუ აკავშირებს...
მაგრამ ამ ტრენდის შეცვლა შეიძლება ამ სეზონიდან დაიწყოს. და ამის მოთავე „ფორდი“ გახდება. დეიტონას 500-მილიანი რბოლის წინ, ამერიკულმა კომპანიამ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი გაგვაცნო, რომელიც „ფიუჟნის“ სილუეტთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ამ წარდგენას კი ცისფერმა ოვალმა ერთწუთიანი სარეკლამო რგოლი მოაყოლა, სახელად „ქუჩიდან გამარჯვებისკენ“.
ფილმში ვიზუალურად კარგადაა ნაჩვენები ის სახეცვლილება, რომელიც სერიულმა „ფიუჟნმა“ სარბოლო ბოლიდად გადაკეთების პროცესში განიცადა. უფრო სწორედ, მისმა ძარამ, თორემ შიგნიდან ის კიდევ უფრო განსხვავდება სერიული სედანისგან. აბა წარმოიდგინეთ, სერიული სედანის კაპოტქვეშ რომ 5.8-ლიტრიანი V8 ძრავი იყოს ჩადგმული, რომელიც 850 ცხენის ძალას ავითარებს...
სამაგიეროდ, ავტომობილს წარწერა აქვს - „ეკობუსტ“. ეს ხომ „ფორდის“ ცნობილი ტექნოლოგიაა, რომლის წყალობითაც, ცისფერი ოვალი ძრავისგან სასურველ სიმძლავრესაც ხსნის და იმავდროულად, ხარჯსაც ამცირებს და მასთან ერთად, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობასაც. ჰოდა, ამიერიდან, როდესაც ნასქარ-ის რბოლის მაყურებელი ნახავს, რომ ფინიშის დროშა პირველს „ფორდის“ სარბოლ „ფიუჟნს“ აუფრიალეს, რომელიც ისეთივე „ეკობუსტ“ ტექნოლოგიას იყენებს, როგორსაც სერიულ მოდელებზეც შეხვდებით,  ორშაბათს წავა და სერიულ „ფიუჟნს“ შეიძენს!


ვიდეო

No comments:

Post a Comment