Tuesday, February 19, 2013

„ბენტლი კონტინენტალ ფლაინგ სპურ“ ჟენევურ პრემიერამდე

New Bentley Continental Flying Spur Photos Leaked
19 თებერვალი

ამ ავტომობილის ინტერნეტით გაცნობას „ბენტლი“ დღეს აპირებს, თუმცა ფოტოები და მწირი ინფორმაცია რამდნიმე საათით მაინც გავრცელდა და თუ ფოტოების ხარისხით ვიმსჯელებთ, ეს ბრიტანული კომპანიის ხელშეწყობით მოხდა. როგორც ჩანს, სიახლისადმი ინტერესის გასაღვივებლად, „ბენტლიში“ ფოტო ტიზერების გამოქვეყნების ნაცვლად, ინფორმაციის გაჟონვის (ერთ-ერთი რუსული ვებგვერდის მეშვეობით) მოწყობა ამჯობინეს.


პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მეორე თაობის „კონტინენტალ ფლაინგ სპური“, არამედ პირველი თაობის სახეშეცვლილი ვერსიაა. ის საბაზო ვერსიისგან მომრგვალებული, უფრო დაბერილი ფორმებით გამოირჩევა. შეცვლილია კარის სარკეები და სახელურები, ასევე უკანა ფარების ბლოკი. სალონში გამოყენებულია ახალი, უფრო მაღალი ხარისხის მასალები, ახალი ინფოტაინმენტ სისტემა, რომელიც ცენტრალურ კონსოლზე მოთავსდა. ახალია საჭის რგოლი, რომლის ორივე მხარესაც, რამდენიმე ღილაკია მოთავსებული.


ავტომობილი აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი W12 ძრავით, რომელსაც წყვილი ტურბოდამჭირხნი ემსახურება. ამ ძრავით აღჭურვილი ვერსიის ამოცნობა, ორი ოვალური გამოსაბოლქვითაა შესაძლებელი, რომლებიც მანქანის უკანა ნაწილის ორივე კიდეშია მოთავსებული. „ბენტლი“ მყიდველს ასევე 4.0-ლიტრიანი ტურბო V8-ით აღჭურვილ „კონტინენტალ ფლაინგ სპურს“ შესთავაზებს. ასეთ მოდელს 8-იანის ფორმის გამოსაბოლქვებით ამოიცნობთ. ეს ძრავი „აუდისგანაა“ ნასესხები. ის 500 ცხენის ძალას და 660 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ინტერნეტში წარდგენის შემდეგ, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას „ბენტლი“ ჟენევის მოტორ შოუზე გამართავს.

No comments:

Post a Comment