Wednesday, February 20, 2013

„ტოიოტა“ ლე მანს განახლებული ჰიბრიდული პროტოტიპით შეუტევს

Toyota Updates its TS030 Hybrid Endurance Championship Racer
20 თებერვალი

„ტოიოტა მოტორსპორტი“ ლე მანის 24-საათიანი რბოლის მოსაგებად ემზადება. იაპონურმა გუნდმა გასული სეზონისთვის საკმაოდ დაგვიანებით გამოიყვანა ტრასაზე ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი სარბოლი პროტოტიპი, თუმცა ამის მიუხედავად, გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატის სამი ეტაპის მოგება მაინც შეძლო. ლე მანზე კი თავიდან ლიდერობდა, თუმცა შემდეგ ორივე მანქანა გამოეთიშა ასპარეზობას.


მაგრამ ახალი სეზონისთვის, იაპონური საჯინიბოს მზადება გაცილებით ადრე დაიწყო. ფრანგულ ავტოდრომ პოლ რიკარდზე, გუნდმა განახლებული „TS030 ჰაიბრიდი“ გამოიყვანა, რომლითაც „აუდის“ ასევე ჰიბრიდულ მონსტრებს შეებრძოლება. პოლ რიკარზე ტესტები თითქმის ერთი თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც, ეკიპაჟები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, 14 აპრილს იასპარეზებენ. რბოლას ბრიტანული სილვერსტოუნი უმასპინძლებს.


განახლებულ ავტომობილზე პირველ რიგში, ძალური დანადგარი დაიხვეწა. ჰიბრიდულ სისტემაში, კერს-ის მიერ დაგროვილი ენერგია სუპერ კონდენსატორებში ინახება, საჭიროების შემთხვევაში კი ელექტროძრავს მიეწოდება, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას აღწევს. ისე კი, მანქანას მუდმივად მამოძრავებელი ძალით 3.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავი (ბენზინის) უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 530 ცხენის ძალაა.
სარბოლ ავტომობილზე მუშაობის პროცესში, ინჟინრებმა ძრავის გარდა, შასი, საკიდარი და აეროდინამიკაც სრულყვეს. შედეგად, სიმძლავრის ზრდის გარდა, მათ ავტომობილის გამძლეობის ზრდას, მართვის გაუმჯობესებას, ასევე ეფექტურობის ზრდას მიაღწიეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ახალ სეზონში, „ტოიოტა“ ისევ ორ ეკიპაჟს გამოიყვანს. პირველ ეკიპაჟში (მანქანის ნომერია 7) შევიდნენ ავსტრიელი ალექს ვურცი, იაპონელი კაძუკი ნაკაძიმა და ფრანგი ნიკოლას ლაპიერი. მეორე ეკიპაჟში (მანქანის ნომერია 8) კი შევიდნენ: ბრიტანელი ენტონი დევიდსონი, ფრანგი სტეფან სარაზენი და შვეიცარიელი სებასტიან ბუემი.

No comments:

Post a Comment